
საქართველოს ელჩი ისრაელში: „რუსეთ-საქართველოს ომი ევროპისთვის გაფრთხილება უნდა იყოს“
05/08/2020 16:15:12 საგარეო პოლიტიკა
ისრაელში საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომი ევროპისთვის გაფრთხილება უნდა იყოს. ამის შესახებ ქართველმა დიპლომატმა „იერუსალიმ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„2008 წელს, ჩვენ ხმამაღლა განვუცხადეთ მთელს მსოფლიოს, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა არ იქნებოდა, რომელსაც რუსეთის აგრესიასთან გამკლავება მოუწევდა“, – განაცხადა ჟვანიამ.
მისი შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომი მთელი ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საფრთხეს წარმოადგენს:
„დემოკრატიულ სამყაროს რომ ძლიერი გზავნილი გაეშვა რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ეს პრეცედენტი უკრაინაში აღარ განმეორდება“.
მან საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმებზეც გაამახვილა ყურადღება:
„კიბერთავდასხმებით რუსეთი საკუთარი ძალების დემონსტრირებას ახდენდა არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნების, არამედ ევროპის წინაშეც. ბოლო 12 წელია, რუსეთი სიტუაციის ესკალაციას ყოველწლიურად ცდილობს, ე.წ. სასაზღვრო ხაზების გადაწევით, ზოგჯერ რამდენიმე, ხანდახან კი – რამდენიმე ასეული მეტრით“.