18 წლამდე მოქალაქეები 200–ლარიან დახმარებას მიიღებენ
06/08/2020 07:10:58 პოლიტიკა
საქართველოს 18 წლამდე მოქალაქეები ერთჯერადად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გახარიას თქმით, ბავშვებისთვის სოციალური დახმარება გაიცემა სასწავლო წლის დაწყებისას.
"ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში 17 წლის ჩათვლით ბავშვებს სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვების კრიზისში, სასწავლო წლის დაწყებამდე და დაწყების პროცესში. რომ შევაჯამოთ, საქართველოს ყველა მოქალაქე 17 წლის ჩათვლით ბავშვი სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს ორასი ლარის დახმარებას ერთჯერადად. დახმარება განხორციელდება კრიზისში არასრულწლოვნების სოციალური მხარდაჭერის და სასწავლო წლის დაწყების პროცესში", - განაცხადა პრემიერმა.
როგორც "აქცენტს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუმარტეს, ერთჯერადი დახმარების მიღებას ექვემდებარებიან ჩვილებიც. კერძოდ, ზედა ზღვარი 17 წელია, ხოლო ქვედა – 1 დღე.
განახლება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვების, ერთჯერადი, 200 ლარიანი დახმარება 1-15 სექტემბამდე ანაზღაურდება.
ტიკარაძის თქმით, დახმარების მისაღებად, ამოქმედდება პორტალი, სადაც შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა იქნება შესაძლებელი.
„განცხადებების შევსებაზე და კონკრეტულ დოკუმენტაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაწყებული მუშაობა. ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, რომ დოკუმენტების ნუსხა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა ოპერატიულად მოხდეს თანხების ანაზღაურება ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ხელმისაწვდომს გავხდით იმ პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა და დარწმუნებული ვარ, რომ სწავლის დაწყებამდე, 1-15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები“, - განაცხადა ტიკარაძემ.


