თამარ ბაჩალიაშვილის დედა შიმშილობას იწყებს

06-08-2020 12:02:13 საზოგადოება ,სამართალი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ მან გენპროკურატურის შენობასთან განაცხადა.

დედა ამბობს, რომ შსს–ს ვერსიას არ ენდობა და კვლავ FBI-ს ჩართულობას ითხოვს, ხოლო თვითმკვლელობის ვერსიას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ამას FBI დაუდასტურებს.

„მივმართავ რადიკალურ ფორმას და დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. არ ვეთანხმები შსს–ს დეზინფორმაციებს და ვითხოვ FBI-ს ჩართულობას. ყველა დედას მოვუწოდებ, დამიდგნენ გვერდში“,– განაცხადა თამაზაშვილმა.

იხილეთ ასევე: გამოძიების შუალედური ანგარიში: ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე Googl-ში „სუიციდის მეთოდებს“ ეძებდა

როგორც ცნობილია, ოჯახი პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა მათი განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციიდან კონტაქტზე არავინ გასულა. დღეს თამაზაშვილს ჰკითხეს, სურს თუ არა გიორგი გახარიასთან შეხვედრა.

„ამათ გამოძიებას არ ვენდობი და რატომ უნდა შევხვდე“,– უპასუხა კითხვას ბაჩალიაშვილის დედამ.

თავის მხრივ მთავრობის სხდომის შემდეგ კომენტარი გააკეთა გახარიამ და აღნიშნა, რომ გამოძიების შედეგებს ოჯახთან ერთად ელოდება და ძიების დასრულების შემდეგ მშობლებთან შეხხვედრის პრობლემა არ აქვს.

ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შს სამინისტროს მიერ 5 აგვისტოს წარმოდგენილი შუალედური ანგარიში მოწმობს, რომ გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიის მიღმა ძიების წარმოებას არ გეგმავს.

„ეს არის განაჩენი და პირდაპირი გადაწყვეტილება, რომ თვითმკვლელობის იქით არანაირი გამოძიება არ განხორცუელდეს. როდესაც ცხედარი იქნა აღმოჩენილი, კრიმინალური პოლიციის უფროსი გამოვიდა და ისაუბრა, რომ არსებობს ფსიქოლოგი, რომელიც ცხედრის აღმოჩენის დღესვე დაიკითხა; არსებობს აბები და არსებობს წერილი. ამის შემდეგ სხვადასხვა ვერსოებზე საუბრობდნენ. როდესაც FBI-ს ჩართვა მოვითხოვეთ და აშშ–ის საელჩოდა იყო მზაობა, ვითომდა შსს–მაც გამოხატა მზაობა. ვითხოვეთ წერილი, თუ რა მისწერა შსს–მ ფედერალურ ბიუროს, რა არეალში ჩაერთვებოდა ის, მაგრამ წერილი არ უნახებიათ და გუშინიდან ორგანიზებულად დაიწყო ინფორმაციის გავრცელება. ლეპტოპი გაუბედურებულია, წაშლილია ყველაფერი – ეს მიმართულია იქითკენ, რომ არაფერი გამოიძიონ და ხელს აფარებენ ამ ბავშვის მიერ ინფორმაციის ფლობას, მის მკვლელობას, რომ არანაირი ჯგუფი არ გამოვლინდეს.

მივმართავ პროკურატურას, თუ ზნეობრივი, ადამიანური და არა მონური თვისების მარცვალი აქვთ დარჩენილი, მიიღონ გადაწყვეტილება. მივმართავთ მოქალაქეებს, ნუ მივიღებთ ამ ამბავს, როგორც ჩვეულებრივ ფაქტს. ულამაზესი გოგო გაწირეს, მოკლეს და დავუდგეთ ამ ოჯახს გვედით“,– განაცხადა რამიშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები