გიორგი ვოლსკი: „ვერ წარმომიდგენია, მსოფლიოში არსებობდეს ჟურნალისტი, რომელმაც მკვლელობის გარემოება იცის და იმის გამო არ ამბობს, რომ მას ამის უფლება აქვს“
06/08/2020 08:36:02 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ POSTV-ის ეთერში 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მედიის და ოპოზიციის ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თემის პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება უზნეობაა.
„ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი თავის დამოკიდებულებაში უბედურების მიმართ, გაცილებით უფრო დახვეწილია, ვიდრე შეიძლება ჭირისუფალს ეს განცდა ჰქონდეს სხვა საკითხების ან სხვა ადამიანების მიმართ. ეს ოჯახი - დედა, მამა, სხვა ახლობლები რასაკვირველია თანადგომას იმსახურებენ, ჯერ მაინც პირველი დღეებია, მაგრამ დრო რომ გავა, შვილის გარდაცვალების დარდის ზიდვა, უძნელესი იქნება. სამძიმარი ჩვენი ხასიათია, სამძიმარი გარდაცვლილის ოჯახის მიმართ ჩვენი ნიშანია, რითიც ჩვენ განვსხვავდებით იმ ადამიანებისგან, ვინც დაესია და შაქარაშვილის დედა გალანძღა და დაგმო. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა გულწრფელი დამოკიდებულება და არა თამაში. განსხვავება ჩვენს შორის ეგ არის - მათ შეუძლიათ შენი ოჯახის წევრი ახალგაზრდა შვილი ან შვილიშვილი დაიჭირონ, შენზე ზეგავლენის მოსახდენად საშინელ დღეში ჩააგდონ, ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ეს მორალური განსხვავებაა ჩვენ შორის. არის კიდევ ერთი თემა - აშკარად იკვეთება, რომ ვიღაცამ ეს ტექსტი ჩამოაყალიბა და ხალხის გარკვეული რაოდენობა არსებობს, ვისაც შესაძლოა სჯეროდეს, რომ სამი ვიღაც „ბობოლა“ ჩინოვნიკი ზის და რაღაცა ისეთი მაკომპრომიტირებელი აღმოაჩინეს მათზე, რომ მათ მკვლელობა დაუკვეთეს. აბსურდული განცხადება კეთდება, რომ „ჩვენ არ დავასახელებთ მათ გვარებს მანამდე, სანამ ჩვენ არ მოვალთ და თქვენ ჭირისუფალნო ხელი უნდა შეგვიწყოთ, რომ დესტაბილიზაცია და დაძაბული ატმოსფერო იყოს შენარჩუნებული. ჩვენ მოვალთ და თქვენი შვილის მკვლელობის საქმეს გამოვიძიებთ“. ესეც როგორი უზნეობაა! მე ვერ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში არსებობდეს ჟურნალისტი, რომელმაც მკვლელობის გარემოება იცის და არ ამბობს, იმის გამო, რომ მას ამის უფლება აქვს. და რატომ არ ამბობს? იმიტომ, რომ პოლიტიკური მიზანი ერთი აქვს - ხელისუფლებაში მოვიდნენ ჭირისუფლის დახმარებით და შემდეგ ჭირისუფალს ეშველება და იქნება ნათელი მომავალი. ეს არის თემა, რომელსაც არა მარტო უზნეობა ჰქვია, არამედ გვიჩენს კონკრეტულ ეჭვებს, რომ ამათ არჩევნები არ უნდათ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის: თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.
5 აგვისტოს შსს–მ გამოძიების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმეში FBI-ის ჩართვას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით გარდაცვლილი ქალის დედა გენპროკურატურასთან შიმშილობას იწყებს.


