
„რუსთავის აზოტის“ ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატის საკითხს განმარტავს
06/08/2020 08:52:17 საგარეო პოლიტიკა, მსოფლიო
სს „რუსთავის აზოტის“ ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განმარტავსმ რომ მოკლებულია დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლბლობას.
ამასთან, კომპანიის განცხადების თანახმად, კომპანია აღნიშნულ ნივთიერებას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აწარმოებს.
„რუსთავის აზოტში“ განმარტავენ, რომ ამონიუმის ნიტრატი 6 თვის შემდეგ კარგავს მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის საჭირო თვისებებს.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ლიბანის დედაქალაქ ბეიურთში, აფეთქების მიზეზი იყო 2013 წელს საქართველოდან, კერძოდ რუსთავიდან ექსპორტირებული ამონიუმის ნიტრატი. გამომდინარე იქედან, რომ სს „რუსთავის აზოტი“ ქარხნის ოპერირებას აწარმოებს ბოლო 3 წელია, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მივიღოთ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, ქალაქ ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი ნამდვილად იყო თუ არა 2013 წელს საქართველოში, კერძოდ კი რუსთავში ნაწარმოები.
სს ,,რუსთავის აზოტი" , რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორს ქვეყანაში, აწარმოებს მსოფლიოში მოხმარებული ამონიუმის ნიტრატის 1%-მდე, რომელიც ლოკალური ნებართვით და საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მზადდება, ინახება და გადის ექსპორტზე.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ბეირუთში ეს ნიტრატი 2013 წლიდან ინახებოდა, რაც მისი უსაფრთხოდ შენახვის ნორმების უხეში დარღვევაა, მით უმეტეს, რომ ამონიუმის ნიტრატი 6 თვის გასვლის შემდეგ კარგავს მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის საჭირო თვისებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
5 აგვისტოს განცხადება გაავრცელა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ. რომელშიც აღნიშნულია, რომ მომხდართან საქართველოს დაკავშირება საფუძველსაა მოკლებული.
ცნობისთვის: ბეირუთის პორტში მომხდარი მძლავრი აფეთქებების მიზეზად 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი იქცა, რომელიც საწყობში რამენიმე წლის განმავლობაში ინახებოდა, მანამდე კი საბაჟო სამსახურის მიერ იყო კონფისცირებული, - განაცხადა ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა. ქვეყნის შს მინისტრმა რაია ალ-ჰასანმა დასძინა, რომ ეს ტვირთი პორტის ერთ-ერთ საწყობში 2014 წლიდან ინახებოდა. ამასთან, ტელეარხ LBCI-ს ცნობით, ლიბანის თავდაცვის უზენაესი საბჭოს სხდომაზე გაიჟღერა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ საშიში ტვირთი მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავ ხომალდ Rhosus-დან იქნა კონფისცირებული, რომელიც საქართველოდან, კერძოდ, ბათუმიდან მოზამბიკისკენ მიემართებოდა და ბეირუთის პორტში 2013 წლის სექტემბერში ტექნიკური პრობლემების გამო შევიდა.
პორტის მმართველი ირწმუნება, რომ წლების განმავლობაში საწყობში მოხვედრა არავის შეეძლო, მაგრამ ცოტა ხნის წინ ინსპექციამ აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთ კედელში ხვრელი იყო გაკეთებული, კარის საკეტი კი შეკეთებას საჭიროებდა და აფეთქება სწორედ კარის შესაკეთებლად წარმოებული შესადუღაბებელი სამუშაოების დროს მოხდა.
ამავდროულად, «Российская газета» საიტ shiparrested.com-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ Rhosus-ზე, რომელიც ბეირუთის პორტში 2013 წლის 23 სექტემბერს ტექნიკური გაუმართავობის გამო შევიდა, ლიბანის სახელმწიფო საპორტო კონტროლმა ექსპლუატაციის წესების უამრავი დარღვევა აღმოაჩინა, რის გამოც ხომალდს შემდგომი გადაადგილდება აეკრძალა, გემის მფლობელმა ხომალდი მაშინვე მიატოვა. ეკიპაჟი წყლის, საკვებისა და საწვავის მცირე მარაგით გემზე დარჩა, თუმცა ეს მარაგი მალევე ამოიწურა. მხოლოდ 2014 წელს იურისტებისა და დიპლომატების ძალისხმევით, ეკიპაჟის წევრებმა ხომალდის დატოვება შეძლეს. ტვირთი კი – ამონიუმის ნიტრატი გადმოტვირთეს და პორტის საცავში დაასაწყობეს.
ამასთან, "Медиазона"-ს ცნობით, Rhosus რუსეთის მოქალაქეს, კვიპროსში მცხოვრებ იგორ გრეჩუშკინს ეკუთვნის. გემის ამჟამინდელი ადგილმდებარეობა უცნობია - ბოლოს იგი ბეირუთის პორტში 2014 წელს აღრიცხეს.
ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა, დაშავდა 5 000-ზე მეტი ადამიანი. როგორც "აქცენტს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის საქართველოს დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შესულა:
"ლიბანში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა უკიდურესად მცირეა. პანდემიის პირობებში, მათი უმრავლესობა გაემგზავრა ლიბანიდან. ამ დრომდე საელჩოში ან საქართველოს საპატიო კონსულთან ლიბანში საქართველოს მოქალაქეების ზარი არ შემოსულა.საელჩო კავშირზე ამანში ლიბანის საელჩოსთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით".