"ლიეტუვა საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს"

07-08-2020 11:03:29 კონფლიქტები ,საგარეო პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აგვისტოს ომის მე-12 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ლიეტუვა საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს".

"12 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის წინასწარ განზრახული აგრესიიდან, რომელიც სამწუხაროდ, გაკვეთილად ვერ იქცა და აგრესია გაგრძელდა უკრაინის წინააღმდეგაც", – წერს ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელში.

რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა.

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი. 12 წელია დევნილად რჩება 30 000-მდე მოქალაქე.

ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები დღემდე გრძელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები