ლუკაშენკო იხსენებს, რატომ არ აღიარა სამაჩაბლო და აფხაზეთი
07/08/2020 18:23:53 პოლიტიკა
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში იხსენებს, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემთხვევაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანა მას სანქციებით დაემუქრა:
„არასდროს მქონია ოსეთის, აფხაზეთის და ა.შ. მხარდაჭრის პრობლემა. იმის მიუხედავად, რომ ნებისმიერი სახლემწიფოს მთლიანობის მომხრე ვარ. ვამბობდი, რომ ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. ნუ, მოკავშირეს მხარი უნდა დაუჭირო - შეგვიძლია, დავუჭიროთ".
ლუკაშენკო იხსენებს, რომ მას ამ საკითხზე მოლაპარაკების მიზნით, ევროკავშირის გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა ეწვია.
„დავსხედით კაბინეტში და პირდაპირ მითხრა: „თქვენთან თხოვნა გვაქვს". მე ვუთხარი: „რა თხოვნა შეიძლება, ქონდეს NATO-ს ლუკაშენკოსთან"? გაეცინა....„არ გვინდა, რომ სამხრეთ ოსეთი აღიაროთ" – დაიწყო მოყოლა, რა როგორ მოხდა და რატომ. ვეუბნები: „ყველაფერი მესმის, მაგრამ რატომ მთხოვთ უეცრად ამას?". მიპასუხა: „იცით, ასეთი ვითარება შეიქმნა, თუ თქვენ აღიარებთ, აღიარებების წყება დაიწყება. თქვენ სხვები უნდა მოგყვნენ. „დსთ"-ის ქვეყნების მეთაურებმა გვთხოვეს, რომ თქვენთან მოგველაპარაკა, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგათ. მაშინ არც მათ მოუწევთ", - იხსენებს ლუკაშენკო.
ლუკაშენკოს თქმით, იმ პერიოდში რუსეთთანაც მართავდა მოლაპარაკებებს ამ საკითხზე, შესაბამისად, სოლანას ჰკითხა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ბელარუსი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებდა.
„ჩვენ იმ დროს სერიოზული სანქციების ქვეშ ვიყავით. ამისთვის მზად იყო, ბლოკნოტი ამოიღო და დამიწყო ჩამოთვლა: „ბატონო პრეზიდენტო, ბელარუსი დაუყოვნებლივ გამოირთვება SWIFT-ის ანგარიშებიდან...". ამბობდა „აი ეს, ეს, ეს სანქციები....". არ შემპირებია, რომ სანქციებს მოხსნიდა, უბრალოდ ჩამომითვალა, რა მოხდებოდა დამატებით", - ამბობს ლუკაშენკო.
ბელარუსის პრეზიდენტი იხსენებს, რომ სოლანასთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის იმჟამინდელ პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს შეხვდა და ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების სანაცვლოდ სანქციების მოხსნა მოსთხოვა.
"იცით, რა მიპასუხა? მითხრა: „ხომ გესმით, რომ აქ ძირითადად ეკონომიკური საკითხებია. ამით კი ჩვენთან პუტინი კავდება, მმართველობა. გესმით? ეს ჩემი საკითხები არაა", - იხსენებს ლუკაშენკო.
ლუკაშენკოს თანახმად, საბოლოოდ რუსეთის პრეზიდენტთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხზე ვერ მოილაპარაკა, სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით კი ბელარუსმა საქართველოს რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარა:
„არ მოგვილაპარაკებია. ვის ჭირდებოდა ეგ, ვაღიარებდი სამხრეთ ოსეთს თუ არა? ერთ დღეში ყველა დაივიწყებდა. სანქციები კი დაგვემატებოდა".
ცნობისთვის: დღეის მდგომარეობით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 5 ქვეყანას აქვს აღიარებული. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.


