სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახს ხევსურული ფარი უსახსოვრა
08/08/2020 06:52:01 პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახს ხევსურული ფარი უსახსოვრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ეროვნული გმირის ოჯახთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ორბელიანების სასახლეში დროშის დაშვების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის მინისტრმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტის სასახლის ეზოში დროშის დაშვების ცერემონია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის 6 აგვისტოს განკარგულების შესაბამისად განხორციელდა.



