ღარიბაშვილი ჟურნალისტებს "პუტინისტები" უწოდა
08/08/2020 08:34:14 პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს "პუტინისტები" უწოდა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მთავრობის წარმომადგენლები რატომ არ ახსენებდნენ კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს.
"რუსული ოკუპაცია განაპირობა თქვენმა ბელადმა – სააკაშვილმა და თქვენი ტელევიზიის დამფინანსებელმა კეზერაშვილმა, რომელმაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები მიატოვა ომში. ჟურნალისტებს არ ვუწოდებ [პუტინისტებს], მე ვუწოდე "მთავარ არხს" და "ფორმულას" და ნაცმოძრაობას. თქვენ განაპირობეთ პუტინის შემოსვლა საქართველოში", - უთხრა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს.
მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
„პირველ რიგში, მინდა ჩვენი გმირი, დაღუპული სამხედროების ოჯახებს მივუსამძიმრო და ქედი მოვიხარო მათი ხსოვნის წინაშე. ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოსთვის, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. რა თქმა უნდა, აგვისტოს ომი არის ჩვენი, ყველას ტრაგედია, რომელმაც უზარმაზარი ნგრევა და დესტაბილიზაცია მოუტანა ქვეყანას. ოკუპაცია დღესაც გრძელდება და ოკუპაციის შედეგები არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის.
აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მთავრობა, პრაგმატული, გონივრული პოლიტიკით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი მძიმე განსაცდელი, როგორიც არის ომი და ნგრევა, ოკუპაცია მომავალში აღარასოდეს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ტრაგედია, რომელიც უნდა დასრულდეს. ოკუპაცია უნდა დასრულდეს, რუსეთი არის ოკუპანტი და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მოსახლეობას თავიდან ავაცილოთ შემდგომი პრობლემები, რომელიც პრაქტიკულად, ყველა ოჯახს შეეხო.
დღეს აქ ვნახეთ ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახები, რომლებიც არიან განადგურებულები და ეს არის ის უმძიმესი მემკვიდრეობის შედეგი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ დაგვიტოვა ჩვენს მთავრობას. კარგად მახსოვს უპასუხისმგებლო, მოღალატე პოლიტიკოსების განცხადებები და მათი მოღალატეობრივი ქმედებები ომის დროს, მაშინ როცა, ჩვენი გმირი სამხედროები, რომლებიც ყველაზე სამაგალითოდ, გმირულად იბრძოდნენ, თავი გაწირეს ჩვენი ქვეყნისთვის, ვნახეთ როგორ გამორბოდნენ, როგორ სამარცხვინოდ მოიქცა მთავარსარდალი, რომელიც მიწაზე გართხმული იხილა ჩვენმა ჯარმა და მთელმა ქვეყანამ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.


