ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიციის შეთანხმებულ კანდიდატებთან მიმართებაში „ქართული ოცნებიდან“ „სრული პანიკაა“
10/08/2020 12:08:18 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ის იმედს იტოვებს, რომ დიდუბე–ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას დანარჩენი ოპოზიციური პარტიებიდანაც ექნება მხარდაჭერა.
მისი თქმით, ოპოზიციური ლიდერების შეკრება კვირის ბოლოსთვის გაიმართება და მათი პოზიციაც გახდება ცნობილი.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ უკვე შეთანხმებული საერთო კანდიდატებთან მიმართებაში „ქართული ოცნებიდან“ სრული პანიკაა: არის ადგილები, სადაც უკვე დანებდნენ“.
მან იმედი გამოთქვა, რომ თბილისში არჩევნების პირველ ტურშივე მოხდება ვითარების გარკვევა.
პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. კანდიდატურას მხარდაჭერა გამოუცხადა „ევროპულმა საქართველომ. .
ცნობისთვის: "ქართული ოცნებიდან" დიდუბე-ჩუღურეთში კენჭს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იყრის.
ოპოზიციამ თბილისის 8 ოლქიდან 6-ში საკუთარი, შეჯერებული კანდიდატი წარადგინა, ხოლო 2 ოლქი ჯერ კიდევ ვაკანტურია, მათ შორის არის დიდუბე-ჩუღურეთიც.


