ვოლსკი – ჯაფარიძეზე: „ცდილობს,არქაული შეხედულებების ადამიანად წარმომაჩინოს“
10/08/2020 12:36:34 პოლიტიკა
პარლამენტის ვიცე–სპიკერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ არჩევნებში ახალგაზრდების ხმების მოპოვებასაც შეძლებს.
ვოლსკი ხსენებულ ოლქში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კანდიდატურასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წარსულში მისი ოპონენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა.
"ზურაბ ჯაფარიძე ცდილობს, თავის ნიშა დაიკავოს, სადაც ახალგაზრდების მხრიდან მხარდაჭერას ელოდება და მე წარმომაჩინოს ისე, თითქოს რაღაცა ძველი, არქაული შეხედულებების ადამიანი ვარ, რაც არა თუ არასწორია, არამედ საქმითაც დასტურდება. აქამდე საკმაოდ სერიოზულად და დიდი ხნით იყო გაწევრიანებული ეს ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობასთან“, სადაც ლიბერალიზაციაზე [კანაფის] არასდროს ყოფილა საუბარი. პირიქით ცემაში და წამებაში ამოხადეს სული, იმ თემებთან დაკავშირებით, რასაც ზურაბ ჯაფარიძე ქადაგებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ზურაბ ჯაფარიძე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარულ ოლქში იყრის. მას მხარდაჭერას „ევროპული საქართველო“ უცხადებს. კვირის ბოლოს გაირკვევა აღნიშნულ კანდიდატთან დაკავშირებით დანარჩენი ოპოზიციური პარტიების პოზიცია.


