შს მინისტრმა ბაჩალიაშვილის საქმეში FBI–ს ჩართულობაზე ჟურნალისტებს ოჯახისგან განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა
11/08/2020 07:13:02 სამართალი
შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ჩართულობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ბაჩალიაშვილის ოჯახისგან განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა. კერძოდ, მან თქვა, რომ FBI სავარაუდოდ, ექსპერტიზის მიმართულებით საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება.
"ბაჩალიაშვილის საქმეზე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის, თუმცა ვფიქრობ, რომ მალე დასრულდება გამოძიება. თუ საჭიროება იქნება, FBI ჩაერთვება სავარაუდოდ ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ“,– განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს გენერალურ პროკურატურაში ვიზიტის შემდეგ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა შიმშილობა დროებით გადაიფიქრა და განაცხადა, რომ პროკურატურისგან საქმეში FBI–ს იმ დოზით ჩართულობის დაპირება მიიღო, როგორც ამას ოჯახი მოითხოვს. ამასთან, დედის თანახმად, ფედერალურ ბიუროში შესაბამისი წერილიც გაგზავნილია.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.


