ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ პროკურატურა სამ ვერსიაზე მუშაობს

06-08-2020 17:13:10 სამართალი

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის შეხვედის შემდეგ გაირკვა, რომ FBI საქმის ძიებაში იმ დოზით ჩაერთვება, როგორც ამას ოჯახი მოითხოვს.

ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის თანახმად, პროკურატურა მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე არ მუშაობს.

ინფორმაციისთვის: კანონის თანახმად, შსს–ს მიერ წარმოებულ გამოძიებაზე ზედამხედველობას პროკურატურა აწარმოებს.

"მთავარი პროკურორისგან მივიღე დაპირება, რომ სადაც კი მოვითხოვ [ძიების პროცესში], FBI აუცილებლად იქნება ჩართული, ნებისმიერ ექსპერტიზაზე. მარტო თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბარი ზედმეტად მიიჩნია [გენერალურმა პროკურორმა]: ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება და ყველა ვერსია გადამოწმდება – პროკურატურა მუშაობს თვითმვკლელობამდე მიყვანაზე, თვითმკვლელობის ინსცენირებასა და მიზანმიმართულ მკვლელობაზე. ჩვენი ყველა კითხვა ჩაინიშნეს და „ყველა კითხვას გაეცემა პასუხიო", - განაცხადა თამაზაშვილმა.

ამასთან, დედა ამბობს, რომ ჯერ–ჯერობით შიმშილობის აქციის დაწყებას არ აპირებს.

ცნობისთვის: გენპროკურორთან შეხვედრამდე დედამ განაცხადა, რომ უნდობლობას უცხადებს გამოძიებას და მიმართავს პროტესტის რადიკალურ ფორმას – შიმშილობას.

მომხდარის ვერსიებთან დაკავშირებით ადვოკატმა აღნიშნა, რომ გენპროკურორისთვის მიუღებელია გამოძიების მხოლოდ ერთი ვერსიით მუშაობა:

„გენერალურმა პროკურორმა ბრძანა, რომ ეს არაა მისაღები ფორმა. არ შეიძლება მარტო ერთი ვერსიით მუშაობა და ასეთი ფორმით ამდაგვარი ინფორმაციის გავრცელება. როგორც ზემდგომ პროკურორს, ამაზე ექნებათ მსჯელობა”.

ამასთან, ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ცნობით, დასტურად, რომ ფედერალური ბიუროს ჩართულობის თაობაზე მოთხოვნა გადაგზავნილია, პროკურატურაში დოკუმენტები წარუდგინეს, თუმცა პროცედურა დროს მოითხოვს:

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს საფუძველი იქნება სიმშვიდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება დავწყნარდეთ”,- განაცხადა რამიშვილმა.

როგორც ადვოკატი ამბობს, დაზარალებული მხარე მოითხოვს სპეციალური სადიაგნოსტიკო აპარატის მოძიებას, რათა დადგინდეს, უკანასკნელად როდის დაიქოქა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი.

შეგახსენებთ, რომ შსს–ს გამოძიების შუალედურმა შედეგებმა ოჯახს გაუჩინა რწმენა, რომ გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს, რასაც ოჯახი კატეგორიულად არ ეთანხმება. აღსანიშნავია, რომ შსს–მ შედეგები წარმოადგინა იმავე დღეს, როდესაც ოჯახთან საქმის ფარგლებში ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

ცნობისთვის: თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები