Accentnews.ge
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება გახარიას მიმართავს

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება გახარიას მიმართავს

11/08/2020 07:51:37 პოლიტიკა

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს.

გაერთიანება თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორ გიორგი ლობჟანიძესა და ექიმ ვახტანგ ყიფიანს სოლიდარობას უცხადებს და მთავრობას საკითხის ხელახალი შესწავლისკენ მოუწოდებს.

„პირველ რიგში, გვინდა დავაფიქსიროთ რამდენიმე მოსაზრება:

მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ბრალდებულ პირებს, როგორც კლინიცისტებს კანონი არ დაურღვევიათ. მითუმეტეს მათ ქმედებაში არ იკვეთება სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები. თუ დარღვევა დაფიქსირდა ადმინისტრაციული კუთხით, ბუნებრივია მასზე უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება;

წინასწარი პატიმრობის გამოყენება არის მიუღებელი და ატარებს სადამსჯელო ხასიათს. უფრო მეტიც, აღნიშნული წარმოადგენს დიდ საფრთხეს სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის. ბრალდებული პირები, გამოძიების დროს, რაც 2 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა, აქტიურად თანამშრომლობდნენ შესაბამის ორგანოებთან. ამ ხნის მანძილზე, არ დაფიქსირებულა არცერთი ქმედება, რაც გააჩენდა ბრალდებულების მიმალვის, გაუჩინარების ან მტკიცებულების დაფარვის, სულ მცირე, თეორიულ შანსსაც კი;

თავად ფორმა, როგორც მოხდა ექიმების დაკავება, ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ, სამედიცინო საზოგადოებისთვის არის სრულიად მიუღებელი”, - ნათქვამია სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების განცხადებაში.

თბილისის პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად გამოიტანეს დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

გამოძიების ცნობით, საავადმყოფოში ერთერთ პაციენტს ოპერაცია შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ექიმებმა ჩაუტარეს, რასაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება მოჰყვა და ის დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S