ადვოკატი ამბობს, რომ გამომძიებლები "დაბნეულები არიან"
11/08/2020 14:07:02 სამართალი
23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის პერსონალური კომპიუტერის გამოკვლევა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, დასკვნა კი უკვე მზადაა, რაც ადვოკატს კითხვებს უჩენს.
ადვოკატის თანახმად, საგამოძიებო უწყება ძალიან „დაბნეულ მდგომარეობაშია და ვერ ყალიბდებიან, რა დროს, რა განცხადება გააკეთონ“:
"ჩემთვის გაუგებარია, რატომ ნერვიულობენ, თითქოს ფაციფუცობენ, „ვაი, რაღაც ისეთი არ ნახონო“. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია იმიტომ, რომ ასეთი შრომატევადი სამუშაო ჰქონდა თამუნას და ვერაფერს ვაგნებთ. დღეს კიდევ მიდის საუბარი იმაზე, რომ თითქოსდა დასრულებული არის ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაკავშირებულია პერსონალურ კომპიუტერთან და გუშინ ვგებულობთ, რომ ჯერ კიდევ არ არის სამუშაო ბოლომდე დამთავრებული. თუ პერსონალურ კომპიუტერთან სამუშაო ბოლომდე არაა დამთავრებული, როგორ შეიძლება, დასკვნა დასრულებული იყოს?!ყოველ დღე მატულობს სამუშაო და დასკვნა თითქმის მზად არის. მათ მიერ გაკეთებული განცხადება წინააღმდეგობაში მოდის,შეუსაბამოა სამუშაო პერიოდი და ამას კიდევ ემატება მობილური ტელეფონისადმი განხორციელებული მუშაობის პროცესი. თვითონ არიან ძალიან დაბნეულ სიტუაციაში, ვერ ყალიბდებიან, რა დროს, რა განცხადება უნდა გააკეთონ", - განაცხადა რამიშვილმა.
ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ამ წუთებში შსს–ში იმყოფებიან.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.
იხილეთ ასევე: შს მინისტრმა ბაჩალიაშვილის საქმეში FBI–ს ჩართულობაზე ჟურნალისტებს ოჯახისგან განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა


