გახარია: "ქართველი კაცის ქართულ მიწასთან ბმა არის სულ სხვა ემოციური სფერო"
11/08/2020 17:39:22 პოლიტიკა
ყველას კარგად გვესმის, რომ ჯერ პრობლემები ქვეყანაში ბევრია. დაგვემთხვა პანდემია - გარდა იმისა, რომ უნდა ვიზრუნოთ ადამიანების ჯანმრთელობაზე, ეკონომიკაზე უნდა ვიზრუნოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჯერ შევინარჩუნოთ ქვეყანაში სამუშაო ადგილები და შემდგომ უკვე ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ყვარელში მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.
გახარიას თქმით, ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება უნდა გაძლიერდეს.
"ასევე გვეუბნებოდნენ, რომ რა საჭიროა სოფლის მეურნეობაო. არა, ბატონო! სოფლის მეურნეობა და ქართველი ადამიანის, ქართველი კაცის ქართულ მიწასთან ბმა არის სულ სხვა ემოციური სფერო. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პრაგმატულ, ეფექტიან განზომილებაში უნდა გადავიყვანოთ, უნდა მივეხმაროთ ქართველ გლეხს, რომელმაც უნდა მოიყვანოს ქართული პროდუქტი. ყველამ ხომ კარგად დავინახეთ, პირველი პრობლემა პანდემიის დროს გახდა ის, ქვეყანა საიდან და როგორ მოგვემარაგებინა პირველადი მოთხოვნის პროდუქტებით, ეს იყო პრობლემა. ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ადგილობრივი წარმოება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ ოჯახებზე, თავიანთ თავებზე, დაიწყონ ბიზნესი, გახდნენ ფერმერები, აწარმოონ პროდუქტი, ეს არის ის, რაშიც ჩვენ უნდა მივეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს", - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის: "ქართული ოცნებიდან" თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი იქნება.


