პროკურატურამ ბაჩალიაშვილის დედის განცხადების საფუძველზე შემოწმება დაიწყო
13/08/2020 12:40:26 სამართალი
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე. შემოწმებას საფუძვლად ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის მიერ 13 აგვისტოს მედიასთან გაკეთებული განცხადება დაედო, რომ მას კონკრეტული პროკურორი აბულინგებს.
"გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თეონა თამაზაშვილმა პროკურორი მარიამ გოგორელიანი ბულინგში დაადანაშაულა.
განახლება
თავად პროკურორმა თემის კომენტირებისას ბრალდება უარყო.
"ქალბატონი თეონას ბრალდებები, რომ თითქოს მის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ვახორციელებდი, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სინამდვილეს. რა თქმა უნდა იმ ფურცელთან [ბაჩალიაშვილის ჩანაწერი] დაკავშირებით ლოგიკურად დაისვა შეკითხვა, თუ საიდან შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ჟურნალისტთან და ვკითხეთ, თქვენ ხომ არ გადაეცით-მეთქი. ეს არის ლოგიკური შეკითხვა, რომელიც უნდა დასმულიყო",– ირწმუნება პროკურორი "ფორმულასთან".


