ოპოზიციის ნაწილი ბაქრაძეს პასუხობს: "ასეთი განცხადებებით ისე არ აღმოჩნდეს, რომ კოლეგები ბიძინას ნავში ვიხილოთ"

15-08-2020 15:18:34 საშინაო პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წარმომადგენლის ხატია დეკანოიძის თქმით, "ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის მხრიდან ენმ-ზე თავდასხმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობაზე" თავდასხმა და მათ შორის ენმ-ს ლიდერ მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომელიც მაგალითად, ღარიბაშვილის ენით ახმოვანებს იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური ველიდან. ეს დააზიანებს საერთო ბრძოლას, რომელიც საერთო მაჟორიტარების ჭრილში მიმდინარეობს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის ყველა პარტიის მთავარი მიზანი და გზავნილი ბიძინა ივანიშვილის დამარცხება უნდა იყოს.

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში 30-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში არ ახსოვს, რომ ვინმეს მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ეთქვა: "ეს კაცი აქ არ დავინახო".

"ასეთი განცხადებები ქართულ პოლიტიკაში სიახლეა, მე არ მახსენდება ბოლო 30 წლის განმავლობაში ვინმეს ეთქვას, რომ ესა თუ ის კაცი არ დავინახო მთავრობაშიო, ან სიაშიო. ახლა რჩევა მინდა, მივცე ჩემს მეგობრებს და კოლეგებს ოპოზიციაში, რომ ასეთი განცხადებებით ისე არ აღმოჩნდეს, რომ ისინი ნებსით თუ უნებლიეთ, ბიძინას ნავში ვიხილოთ, რომელიც განწირულია ჩასაძირად", – განაცხადა სანიკიძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ბაქრაძის განცხადება დამაზიანებელია როგორც საერთო ოპოზიციური მიზნებისთვის, ასევე პირადად დავით ბაქრაძისთვის:

“მსგავსი განცხადებები ნამდვილად არ ეხმარება ერთიანობას. იმიტომ, რომ მაგალითად, ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ იფიქრა ბატონმა ბაქრაძემ, რომ მისი მხრიდან თავდასხმა მიხეილ სააკაშვილზე ძალიან ძვირი დაუჯდება, მაგალითად, მაჟორიტარ კანდიდატებს “ევროპული საქართველოდან”, მაგალითად, თბილისში, სადაც მათ სჭირდებათ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლის მხარდაჭერა”.

14 აგვისტოს დავით ბაქრაძემ განაცხადა: "სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ უნდა იყვნენ მინისტრთა კაბინეტში, დღეს დაკვეთა სხვა ტიპის მართვაზეა".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები