Accentnews.ge
"შემაშფოთებელია, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეებში საქართველოს ელჩი ბელარუსში  არ იყო"

"შემაშფოთებელია, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეებში საქართველოს ელჩი ბელარუსში არ იყო"

17/08/2020 09:13:57 საგარეო პოლიტიკა

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის შეეფასებით, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ბელარუსში მიმდინარე მოვლენების პარალერულად საქართველოს ელჩი აქამდე ადგილზე არ იმყოფებოდა და იგი მხოლოდ გუშინ ღამით გაფრინდა მინსკში.

"თუ მართლა ელჩი ჩაიყვანეს სასწრაფოდ გუშინ ღამით, იმის გამო, რომ ის იმყოფებოდა შვებულებაში, ბუნებრივია, კითხვის ნიშნებს იწვევს და შემაშფოთებელიც არის ის, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეებში ბელარუსის ისტორიაში, როდესაც ერთი კვირაა, თითქმის, მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები და როდესაც ბელარუსი ხალხი იბრძვის თავის არჩევნებისთვის, საქართველოს ელჩი რომ არ იყო ბელარუსში, ეს არის უბრალოდ გაუმართლებელი. ეს არის ჩემთვის ყველაზე უფრო კითხვის ნიშნების აღმძვრელი და არა ის, რომ გუშინ ღამით ჩაიყვანეს იქ. თუ მართლა ასე არის, გაცილებით ადრე უნდა ჩაეყვანათ მინსკში, გამომდინარე იმ სერიოზული სიტუაციიდან, რომელიც იქ არის", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ გუშინ ღამით სამთავრობო თვითმფრინავით მინსკში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ჩაფრინდა:

"ბოლო დღეებში ბელარუსის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.

გამომდინარე იქიდან, რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ".

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. 16 აგვისტოს მინსკში ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა ლუკაშენკოს მხარდამჭერი, უფრო მცირერიცხოვანი აქცია მინსკის ცენტრში. მან საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე ისაუბრა ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობა გამორიცხა:

"თქვენ ლუკაშენკოს კი არა, პირველ პრეზიდენტს დაღუპავთ. ეს თქვენი დასასრულის დასაწყისი იქნება. მუხლებზე იდგებით როგორც უკრაინასა და სხვა ქვეყნებში და ღმერთმა იცის ვისზე ილოცებთ. ჩვენს კართან ნატო-ს ჯარები მატლებივით ცოცავენ. ლიტვა, ლატვია და პოლონეთი და ჩვენი მშობლიური უკრაინა მოგვიწოდებენ ახალი არჩევნები გავმართოთ. თუ ანკესს წამოვეგებით გვთავაზობენ ახალ ხელისუფლებას - ნატოს სამხედროებს".

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა.

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 2 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S