Accentnews.ge
ენმ ხელისუფლებისგან ითხოვს, წარადგინოს დოკუმენტაცია, ვინ ჩამოვიდა და წავიდა გუშინ ბელარუსში სამთავრობო თვითმფრინავით

ენმ ხელისუფლებისგან ითხოვს, წარადგინოს დოკუმენტაცია, ვინ ჩამოვიდა და წავიდა გუშინ ბელარუსში სამთავრობო თვითმფრინავით

17/08/2020 09:14:14 საგარეო პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებისგან ითხოვს, წარადგინოს დოკუმენტაცია, ვინ ჩამოვიდა და წავიდა გუშინ თბილისიდან ბელარუსში სამთავრობო თვითმფრინავით.

"თუ ოფიციალურ ვერსიას გვთავაზობენ, რომ ელჩის წასაყვანად ოფიციალური თვითმფრინავი, სწორი იქნება, რომ ხელისუფლებამ ის დოკუმენტაცია წარმოადგინოს, რომელიც საზოგადოებას აჩვენებს რეალურად ვინ ჩამოვიდა და ვინ წავიდა ამ თვითმფრინავით", – განაცხადა სამადაშვილმა.

მინსკში 16 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლების კუთვნილი თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლითაც როგორც წესი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სარგებლობენ. თვითმფრინავი მინსკში 19:00 საათზე ჩაფრინდა, დაახლოებით 1 საათი აეროპორტში იდგა, შემდეგ კი, უკან გამოფრინდა.

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ გუშინ ღამით სამთავრობო თვითმფრინავით მინსკში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ჩაფრინდა:

"ბოლო დღეებში ბელარუსის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში. გამომდინარე იქიდან, რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ".

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. 16 აგვისტოს მინსკში ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა ლუკაშენკოს მხარდამჭერი, უფრო მცირერიცხოვანი აქცია მინსკის ცენტრში. მან საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე ისაუბრა ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობა გამორიცხა:

"თქვენ ლუკაშენკოს კი არა, პირველ პრეზიდენტს დაღუპავთ. ეს თქვენი დასასრულის დასაწყისი იქნება. მუხლებზე იდგებით როგორც უკრაინასა და სხვა ქვეყნებში და ღმერთმა იცის ვისზე ილოცებთ. ჩვენს კართან ნატო-ს ჯარები მატლებივით ცოცავენ. ლიტვა, ლატვია და პოლონეთი და ჩვენი მშობლიური უკრაინა მოგვიწოდებენ ახალი არჩევნები გავმართოთ. თუ ანკესს წამოვეგებით გვთავაზობენ ახალ ხელისუფლებას - ნატოს სამხედროებს".

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა.

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 2 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S