საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ  "ყველანაირ ძალადობას ემიჯნება", თუმცა არ აკონკრეტებს, სცნობს თუ არა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩვენების შედეგებს

17-08-2020 16:42:15 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ "ყველანაირ ძალადობას ემიჯნება", თუმცა არ აკონკრეტებს, სცნობს თუ არა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩვენების შედეგებს.

"საქართველო პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარება, წინსვლა და ევროპულ ოჯახში დაბრუნება.

ვიმედოვნებთ, მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელარუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. გვჯერა, რომ ბელარუსი და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას", – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცნობისთვის: 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. 16 აგვისტოს მინსკში ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა ლუკაშენკოს მხარდამჭერი, უფრო მცირერიცხოვანი აქცია მინსკის ცენტრში. მან საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე ისაუბრა ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობა გამორიცხა:

"თქვენ ლუკაშენკოს კი არა, პირველ პრეზიდენტს დაღუპავთ. ეს თქვენი დასასრულის დასაწყისი იქნება. მუხლებზე იდგებით როგორც უკრაინასა და სხვა ქვეყნებში და ღმერთმა იცის ვისზე ილოცებთ. ჩვენს კართან ნატო-ს ჯარები მატლებივით ცოცავენ. ლიტვა, ლატვია და პოლონეთი და ჩვენი მშობლიური უკრაინა მოგვიწოდებენ ახალი არჩევნები გავმართოთ. თუ ანკესს წამოვეგებით გვთავაზობენ ახალ ხელისუფლებას - ნატოს სამხედროებს".

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა.

იხილეთ ასევე: ევროკავშირი ბელარუსის არჩევნების შედეგებს არ სცნობს და ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობას დაუყოვნებლივ იწყებს

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 2 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.