შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის მამამ შიმშილობა შეწყვიტა
21/08/2020 10:00:30 სამართალი
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ზ.ხ.-ს მამამ თამაზ ხომასურიძემ შიმშილობა შეწყვიტა.
თამაზ ხომასურიძის თქმით, შიმშილობის შეწყვეტა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გენერალურმა პროკურატურამ მისი მოთხოვნა მხედველობაში არ მიიღო.
ბრალდებულის მამამ შიმშილობა დაიწყო 19 აგვისტოს, მისი შვილის, შაქარაშვილის საქმეზე სხვა ბრალდებულებისა და მოწმეების ე.წ. სიცრუის დეტექტორით გამოკითხვის მოთხოვნით.
თამაზ ხომასურიძე შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს საპატიმროში მყოფ შვილს ზ.ხ.-საც და ამბობს, რომ სიცრუის დეტექტორზე შვილის ტესტირებას საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს.
ზ.ხ. საპატიმროში მეოთხე დღეა შიმშილობს. 21 აგვისტოს მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ის შეუძლოდ გახდა, რის გამოც მოსამართლემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
ზ.ხ.-სთან ერთად შიმშილობს საქმეზე ბრალდებული კიდევ ორი არასრულწლოვანი.
იხილეთ ასევე: შაქარაშვილის საქმის პროკურორი: "საქართველოში სისხლის სამართლის საქმეზე სიცრუის დეტექტორის გამოყენების პრაქტიკა არ არსებობს"
ცნობისთვის: გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანის საქმე ცალკე გამოყო. მათგან ოთხს — ნ.ც-ს; ლ.შ-ს; ნ.ქ-ს და გ.მ-ს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. ხოლო მათგან ორს — ზ.ხ-ს და ა.ქ-ს გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავება.
11 აგვისტოს პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ ადამიანს ბრალი დაუმძიმა. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასაც ედავება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით ჯგუფურად განზრახ მკვლელობა 13-დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება.


