Accentnews.ge
აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს 21-23 ივნისს მოსალოდნელი საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით აფრთხილებს

აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს 21-23 ივნისს მოსალოდნელი საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით აფრთხილებს

21/06/2019 15:19:45 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამერიკის მოქალაქეებს 21-23 ივნისს მოსალოდნელი საპროტესტო აქციების შესახებ აფრთხილებს და დემონსტრაციებისთვის თავის არიდებას ურჩევს.

„გასული ღამით თბილისის ცენტრში დემონსტრაციების ძალადობრივი ესკალაციის შემდეგ, რა დროსაც პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ამაღამ და შესაძლოა შაბათ-კვირას საპროტესტო აქტივობების გაგრძელებაა მოსალოდნელი. ამას გარდა, კვირის ბოლოს თბილისში ჯერჯერობით უცნობ ადგილებში შესაძლოა, ჩატარდეს პრაიდის კვირეულის ფარგლებში საჯარო ღონისძიებები. ლგბტ-თემის მოწინააღმდეგე ჯგუფის ძალადობრივი, ანტიამერიკული რიტორიკიდან გამომდინარე, საელჩომ განსაზღვრა, რომ არსებობს გაზრდილი რისკი, რომ ამერიკელები შესაძლოა, სამიზნეები გახდნენ. აშშ-ის სამთავრობო პერსონალისთვის გაცემულია მითითება, არ მიიღონ მონაწილეობა რომელიმე დემონსტრაციაში და თავი მოარიდონ ბევრი ხალხის შეკრების ადგილებს“, – ნათქვამია აშშ-ის დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

საელჩო ასევე ურჩევს თანამშრომლებს, ყურადღება გამოიჩინონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისას და თვალი ადევნონ ადგილობრივ მედიას სიახლეების გასაგებად.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა გუშინ 20 ივნისს რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი. ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს აგრძელებს. აქცია დღეს [21 ივნისს] 19:00 სთ-ზეა დაგეგმილი. 

20 ივნისს, საღამოს მომიტინგეების მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას ძალოვანების მიერ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა. ჯამში დაშავდა სულ მცირე, 240 მოქალაქე, რამდენიმემ თვალი დაკარგა.



 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S