
"ძლიერ დამამწუხრა დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ"
24/08/2020 12:17:06 საგარეო პოლიტიკა
სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დუშეთის გზაზე ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"ძლიერ დამამწუხრა დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელმაც მრავალი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა. ვუსამძიმრებ შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - წერს ფაშინიანი Twitter-ზე.
23 აგვისტოს შატილის გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც ადგილობრივი ტურისტები გადაჰყავდა, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მიკროავტობუსში 20 პირი იმყოფებოდა. ავარიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა, სამი კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.
როგორც ცნობილია, ტურისტები დილის ხუთ საათზე თბილისიდან გავიდნენ და შატილიდან უკან საღამოს უნდა დაბრუნებულიყვნენ. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს ტექდათვალიერება ჯერ კიდევ თვენახევრის წინ უნდა გაევლო.
25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.