
მოსკოვი ირაკლი კობახიძეს გამოესარჩლა: “იგი რუსეთთან დაახლოების მოწინააღმდეგეებმა მოიშორეს”
21/06/2019 16:09:13 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში თვლიან, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ირაკლი კობახიძის გადადგომა საქართველო-რუსეთის დაახლოების მოწინააღმდეგეთა მოქმედების შედეგია. შესაბამისი განცხადება დღეს სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა.
მან გაიმეორა კრემლის ნარატივი იმის შესახებ, რომ ამ “ბინძური, საზიზღარი ანტირუსული პროვოკაციის ავტორები საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებიან”, “პროვოკაციის” მიზნად კი “თბილისისა და მოსკოვის კიდევ უფრო მეტად დაშორება” დაასახელა.
«მომხდარი აწყობს მხოლოდ და მხოლოდ იმ დესტრუქციულ ძალებს დასავლეთში, რომლებიც ისურვებდნენ, საქართველო უფრო რადიკალური ეხილათ და რომლებსაც არ სურთ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენა დაუშვან” - აღნიშნა რუსმა პარლამენტარმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “რადიკალების მიერ 20 ივნისს მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სესიის ჩაშლის მცდელობის დროს ირაკლი კობახიძე ბაქოში იმყოფებოდა და მოვლენათა განვითარებაზე ზეგავლენას ვერ იქონიოებდა, თორემ ადგილზე რომ ყოფილიყო, შესაძლოა, შეეჩერებინა კიდეც რადიკალები”.
“ამგვარად, სამოქმედოდ დრო კარგად იყო გათვლილი, ყველა შემდგომი მოვლენაც გარედან იყო ინსცენირებული», - დასძინა სლუვკიმ.
იხილეთ ასევე: