აქცია თბილისში: „გალიდან გვწერენ, რომ რვა თვეა, არანაირი სახელმწიფო დახმარება არ მიუღიათ“
25/08/2020 12:06:44 პოლიტიკა
პოლიტიკური მოძრაობის „არჩევანი სამშობლოსთვის” წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან ენგურის ხიდის გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს.
მათ ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება.
„გალიდან ბევრი ადამიანი გვწერს იმის თაობაზე, რომ რვა თვეა, მათ არანაირი სახელმწიფო დახმარება არ მიუღიათ: არც პენსია და არც დევნილების შემწეობა. ისინი ენგურის ხიდის გახსნას ითხოვენ. გარდა ამისა, როდესაც მძიმე ავადმყოფი გადმოდის ენგურის ხიდზე, ის აუცილებლად თავსდება ორკვირიან კარანტინში. ამიტომ, პრემიერ-მინისტრს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მივმართავთ თხოვნით, გაიხსნას ენგურის ხიდი, ზოგადად, შეისწავლონ ეს საკითხი და გადაწყვიტონ, რა ბედი ელის გალის მოსახლეობას. გარდა ამისა, სკოლის პერიოდი ახლოვდება, როგორ ივლიან ბავშვები სკოლაში გალიდან ზუგდიდში? რატომ უნდა გადიოდნენ კარანტინს გალიდან წამოსული ქართველები? ზუგდიდიდან ქუთაისში გადაადგილებას უნდა უტოლდებოდეს გალიდან ზუგდიდში გადაადგილება და ნამდვილად არ უნდა ხვდებოდნენ კარანტინში“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა ლელა გულედანმა.


