"მთავრობა მზადაა, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსაყვანად ჩარტერული რეისები დანიშნოს"
26/08/2020 10:21:46 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია არჩევნებისთვის ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს და მათ ჩამოსაყვანად მთავრობა მზადაა, სპეციალური ჩარტერული რეისებიც დანიშნოს.
"ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და მეტმა დამკვირვებელმა შეაფასოს დადებითაც ჩვენი არჩევნები და დაინახოს, რომ საქართველო ნამდვილად აძლიერებს თავის დემოკრატიასა და ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს, არსებითად პროპორციული სისტემით. ამისთვის ჩვენ ორი თვის წინ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, კანონმდებლობაში შევიტანეთ ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კოვიდპანდემიის პირობებში განვსაზღვრეთ უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები, გადავანაწილეთ პასუხისმგებლობები. შესაბამისად, არსებობს სრული მზადყოფნა, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოსაყვანად ქვეყანაში. როგორც კი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და ორგანიზაციები გააკეთებენ განაცხადებს, მიიღებენ გადაწყვეტილებას ქვეყანაში დამატებითი წარმომადგენლები ჩამოყვანონ, ხელისუფლება მაშინვე სათანადო ნაბიჯებით უპასუხებს", - განაცხადა თალაკვაძემ.


