„პასუხისგებაში ვინმე მიეცა?“ – ოპოზიციაში რეაქცია „ქართული ოცნების ინიციატივაზე
26/08/2020 11:49:19 პოლიტიკა
საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ეფექტურობის ოპოზიციაში არ სჯელად. საუბარია მმართველი გუნდის ინიციატოვაზე, რომლის თანახმადაც, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება.
„დღეს გამოვიდნენ და გვითხრეს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება საარჩევნო დარღვევებზე. აქამდე ადმინისტრაციული თუ იყო, ერთი ფაქტი მაინც არსებობს, რომ ვინმე დაისაჯა? ან ვინმე პასუხისგებაში მიეცა? ან ვინმე დაჯარიმდა ამ საკითხებთან დაკავშირებით? დაჯარიმდა მათი წარმომადგენელი, რომელმაც ეს წესი დაარღვია ადრე? ნდობა ადამიანების მხრიდან ნულოვანია და ერთადერთი, რაც მათ შეაჩერებს, ეს არის ხალხის ძალა. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნების გზით. გუშინ კრიმინალებივით რომ დასდევდნენ პოლიციელები ჩვენს მოხალისეებს ქუჩებში და ყველა კანონს არღვევდნენ, ამაზე რა პასუხი აქვს არჩილ თალაკვაძეს, რომელიც „დამსხვრეული ოცნებების“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა?“ - იკითხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, მმართველ პარტიას კვლავს აქვს საზოგადოების მოტყების მცდელობა და ის არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.
ანალოგიური პოზიცია აქვს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიასაც.
„ეს არის მორიგი იაფფასიანი და უტიფარი მცდელობა, რომ თვალებში ნაცარი შეგვაყარონ, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ყველა ეს ქმედება, რაც მან ჩამოთვალა, დღესაც დასჯადია და ფორმულირების შეცვლა კანონში ან რაიმე პასუხისმგებლობის დამძიმება ჯერ არ არის მთავარი საკითხი. მთავარი საკითხია კანონი საერთოდ სრულდება თუ არა, არის თუ არა კანონის უზენაესობა და არის თუ არა პოლიტიკური ნება ამისთვის. იმ ვითარებაში, როდესაც ამ ხელისუფლების პირობებში, არავინ არც ერთხელ არ დასჯილა ამ ტიპის დარღვევისთვის და უფრო მძიმე შემთხვევებისთვისაც კი, ეს არის იაფფასიანი უტიფარი მცდელობა. გავიხსენოთ წინა არჩევნები, როდესაც ოპოზიციური კანდიდატის შტაბს დღისით თავს დაესხდნენ და უსასტიკესად გაუსწორდნენ იქ მყოფ ადამიანებს. ამისთვის არავინ დასჯილი არ არის და ყველამ იცის, რომ აქ მოქმედებს წესი, რომ ყველა მოძალადეს ივანიშვილის გუნდი კარტ-ბლანშს აძლევს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი შეფასებით, ახლა ქვეყანაში იმდენად ნორმალური ვითარება არ არის, რომ კანონის ფორმულირებაზე დისკუსია მიმდინარეობდეს და თუ ხელისუფლებას ვითარების გამოსწორება სურს, ამის დემონსტრირება ქმედებებით უნდა მოახდინოს.
ლელო-საქართველოსთვის წევრი კახა კოჟორიძე კი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში ამ ცვლილების შეტანა რეალობას არ შეცვლის:
"მთელმა საქართველომ იცის, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ აქტიურად თანამშრომლობს კრიმინალურ სამყაროსთან და იყენებენ მას და ადმინისტრაციულ რესურს ამომრჩევლის დასაშინებლად. ახლაც გააკეთებენ ამას და შეეცდებიან, შეფუთონ ეს ყველაფერი, მაგრამ რეალობა ისევ სულ სხვანაირი იქნება. ის, რომ ამომრჩევლის იძულება, დაშინება, მოსყიდვა, დანაშაულია, ეს სისხლის სამართლის კოდექსში ისედაც წერია. პრობლემა ის კი არ არის, რომ ცუდი კანონები გვაქვს, არამედ პრობლემა ცუდი ხელისუფლებაა. რაც გვაქვს და წერია, არ აღასრულებს და რასაც აღასრულებს, აღასრულებს შერჩევითად. ოპოზიციური პარტიად შეიძლება მცირე დარღვევა, ბუზი სპილოდ გადაუქციოს და საკუთარი უმძიმესი დარღვევების რეაგირების გარეშე დატოვოს. დღევანდელი ინიციატივა საკუთარი იმიჯის შელამაზების მცდელობაა", - აცხადებს კოჟორიძე.
ქართული ოცნების ინიციატივას ილუზიის შექმნის მცდელობას უწოდებს ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილიც:
"ქართულ ოცნებას აქვს იმის დემონსტრირების სურვილი, რომ ჩაატარებს სამართლიან არჩევნებს. ზეწოლა, დაშინება, მოსყიდვა, ეს არის ის პრობლემები, რომლებზეც საუბარი იყო წინა არჩევნების შეფასების დროს შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურების მხრიდან. ამ ცვლილებებით სურთ, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ილუზია შექმნან, რომ სხვანაირი წესებით სურთ არჩევნების ჩატარება. თუმცა, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში არ არის სამართლიანი სასამართლო, საგამოძიებო სტრუქტურები პოლიტიზირებულია და მართულია ქართული ოცნების მიერ, მსგავსი ცვლილებები არ ვფიქრობ, რომ რეალობას შეცვლის. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ეს შეიძლება ოპოზიციის მისამართით დამატებითი სამართლებრივი დევნის მექანიზმი გახდეს".
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერ ეკა ბესელიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნებამდე მოკლე დროში ამ ცვლილებების მიღება დროში აცდენაა.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიციატივა იყო ოპოზიციის მოთხოვნა, როდესაც საარჩევნო კოდექსზე ვმუშაობდით, უარი თქვა მაშინ ქართულმა ოცნებამ ამ ცვლილებების მიღებაზე. ახლა ამ ინიციატივის წარდგენა არჩევნებამდე ძალიან მოკლე დროში მგონია, რომ არის აცდენა. დროსა და სივრცეში არიან ძალიან არეულები.
თუ ამ ინიციატივას ახლა, სექტემბერში პარლამენტი კენჭს უყრის, მაშინ ჩემი შემხვედრი წინადადებაა და ის პროექტი, რომელიც წარვადგინე. ხმების დაცვის მექანიზმი, რომ არ გაყალბდეს ამომრჩევლის ხმა. ეს ინიციატივა განიხილონ ამ პაკეტთან ერთად",-აცხადებს ეკა ბესელია.


