Accentnews.ge
ბენ ჰოჯესი: „როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა სხვა მიმართულებით მიდის“

ბენ ჰოჯესი: „როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა სხვა მიმართულებით მიდის“

26/08/2020 15:05:45 პოლიტიკა

ამერიკელი ანალიტიკოსის, ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალის, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტის ბენ ჰოჯესის განცხადებით, „ბელარუსი და საქართველო იმის სახიფათო შეხსენებაა, თუ რა ხდება ხოლმე, როცა უსაფრთხოების ვაკუუმს წარმოშობ და კარს უხსნი რუსეთის მხრიდან ჩარევას. აშშ-მა და ევროპის კავშირმა თვალყური უნდა ადევნოს საქართველოს“,

როგორც ჰოჯესი გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაში – „ბელარუსში შეიძლება ერთი ეპოქა დასრულდეს, მაგრამ მისი ადგილი შესაძლოა, საქართველომ დაიკავოს“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსსა და საქართველოში ხალხი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და მაღალია ნატო–ს პოპულარობა, ორი ქვეყნის მთავრობები სწორი მიმართულებით არ მიდიან.

ჰოჯესი საგანგაშოდ მიიჩნევს უკანასკნელი წლების ტენდენციას საქართველოს ეკონომიკაში - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრ შემცირებას (2017 წლის შემდეგ 40%-იანი ვარდნა). მისი აზრით, ეს მხოლოდ მთავრობის ბრალია და ამის დასტურად მოჰყავს ორი პროექტი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ბოჭკოვანი ციფრული კაბელის გაყვანა, რომელთა მიზანია, საქართველოს ეკონომიკა ნაკლებად დამოუკიდებელი გახადოს რუსეთზე. თუმცა, ჰოჯესის თქმით, სწორედ იმის გამო, რომ რუსეთი ამ პროექტებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ხელისუფლება მათ განხორციელებას ხელს უშლის.

ჰოჯესი ყურადღებას ამახვილებს ახალ კანონებზე, რომლებიც საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას განსაკუთრებულ უფლებებს ანიჭებს კერძო სექტორთან ურთიერთობაში და აღნიშნავს, რომ უწყების მხრიდან კერძო კომპანიების მუშაობაში „თითქმის შეუზღუდავი“ ჩარევის უფლება ნოყიერ ნიადაგს ქმნის „პოტენციური კორუფციისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის, რაც სწრაფად შეიძლება, გავრცელდეს სხვა დარგებზეც“.

„უცხოური ინვესტიციების დეფიციტთან ამის კომბინაციით მივიღებთ ნაცად ფორმულას, თუ როგორ შეაქციოს სახელმწიფომ ზურგი დემოკრატიას და, ფაქტობრივად, როგორ იქცეს ბელარუსად“, – აღნიშნავს ჰოჯესი და მკითხველს შეახსენებს, როგორ იყენებს ბელარუსის ხელისუფლება ინტერნეტზე კონტროლს საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ საბრძოლველად.

„თუკი საქართველოს სურს განახორციელოს თავისი პოტენციალი, როგორც დასავლურმა ლიბერალურმა დემოკრატიამ, წინ წაიწიოს დასავლეთთან ინტეგრაციაში და სარგებელი ნახოს უსაფრთხოებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებით, მან თავი მიმზიდველი უნდა გახადოს [კერძო] ინვესტიციისთვის. სამწუხაროა, განსაკუთრებით საქართველოს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, რომ მთავრობა, როგორც ჩანს, სხვა მიმართულებით მიდის“, – წერს ბენ ჰოჯესი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S