Accentnews.ge
ისანში ენმ–ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცნობილია

ისანში ენმ–ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცნობილია

26/08/2020 18:32:38 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრეს–სამსახურის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ინფორმაციისთვის: 19 ივლისს ოპოზიციურმა ერთობამ, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობაც" იყო წარმოდგენილი, ისანში საერთო კანდიდატად გიორგი ვაშაძე დაასახელა. რამდენიმე კვირის წინ ვაშაძის პარტიამ "ძალა ერთობაშია" დატოვა და საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატი დააყენა. სწორედ ამ დროიდან ალაპარაკდა "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი კანდიდატების დაყენებაზე.

თავის მხრივ დეკანოიძე „ფეისბუქში“, პირად გვერდზე წერს:

„ერთადერთი, რაც დღეს მინდა გითხრათ: თავს დავდებ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად. მე არ მჭირდება არჩევნები ძალაუფლებისა და თანამდებობისთვის. მე ვიბრძოლებ თქვენი კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და უფლებებისთვის. შეხვედრამდე“.

თემაზე კომენტარი ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ:

„მეგობრებო „ნაცმოძრაობიდან“, ძალა ერთობაშია, თუ გადაღუნვაში? სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო...

ჩვენ შეთანხმების ერთგული ვრჩებით, შესაბამისად, ისანში მხარს გიორგი ვაშაძეს დავუჭერთ. კიდევ ერთხელ, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. სამწუხაროა, რომ ხატიას წარმატებას არ ვუსურვებ. დრო გამოაჩენს რომ ეს ძალიან არასწორი ნაბიჯი იყო".

ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ თბილისში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება პირველმა გიორგი ვაშაძემ დაარღვია, რომელიც „ძალა ერთობაშიას“ გამოეყო და საბურთალოში მაჟორიტარობის კანდიდატად თაკო ჩარკვიანის კანდიდატურა წარადგინა. მისივე თქმით, აღნიშნულის შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის კანდიდატურა წარადგინა.

კანდიდატის დასახელებას სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა გიორგი ვაშაძე:

„ჩვენ გვქონდა შეთანხმება ისნისა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებზე და ამ შეთანხმებას არღვევს „ნაციონალური მოძრაობა". ეს არის მათი გადაწყვეტილება, ითამაშონ ოპოზიციური გაერთიანების შიგნით პოლიტიკური თამაშები, ნაცვლად იმისა, რომ შემოგვიერთდნენ "დამსხვრეული ოცნებების" პარტიის დასამარცხებლად საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენს თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ პოლიტიკური ინტრიგები, ისინი ჩვენგან ელიან სიღარიბისა და კრიმინალის დამარცხებას, „დამსხვრეული ოცნებების" პარტიის დამარცხებას. სულ ესაა, რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას ისნის ოლქში "დამსხვრეული ოცნებების" პარტიის კანდიდატზე და ჩემთან როგორც ამ ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრთან ერთად, დავამარცხებთ კრიმინალსა და სიღარიბეს. საქართველოში არცერთი ბავშვი აღარ უნდა შიმშილობდეს და მოქალაქეები ქუჩებში თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ. ეს არის ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მაღელვებს”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S