
გავრილოვი: "საქართველოს ხელისუფლება ორ სკამზე ჯდომის მცდელობებს უნდა მოეშვას და ღიად აიღოს რუსეთისკენ კურსი"
21/06/2019 17:41:32 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტიდან გაძევებული რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი 19–20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების უკან აშშ–ის გეგმას ხედავს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „შეწყვიტოს ორ სკამზე ჯდომის მცდელობები და ღიად გამოაცხადოს რუსეთის შემხვედრი მიმართულებით სვლის კურსი“.
ამის შესახებ გავრილოვმა „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს არასასიამოვნო ისტორია უდავოდ, საქართველოსა და ქართველი ხალხის იმიჯის შელახვას ისახვდა მიზნად: არ არის მიღებული, ადამიანი სტუმრად მიიწვიო, უსაფრთხოების გარანტიები მისცე, შემდეგ კი თავს დაესხა და მკვლელობით დაემუქრო! რადიკალებს, უდავოდ, სურდათ საქართველოს დისკრედიტაცია, მისი იზოლირება საერთაშორისო საზოგადოებისგან, მისი დისკრედიტაცია, როგორც მართლმადიდებელი ქვეყნის. ამიტომაც იყო ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ადგილობრივ დეპუტატებთან, სასულიერო წრეების წარმომადგენლებთან კონტაქტების დამყარება. ვთვლი, რომ რუსეთი, როგორც მართლმადიდებელი სახელმწიფო და რეგიონის მორალური ლიდერი, ვალდებულია, დაეხმაროს ჩვენს ქართველ კოლეგებს კულტურის, ტურიზმის, ეკონომიკური კონტაქტების თვალსაზრისით. და ჩვენ ამ საღმრთო ტენდენციების მორყევას არ დავუშვებთ“, განაცხადა გავრილოვმა.
იგი „დაეთანხმა“ რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის შეფასებას , რომ „ის რაც თბილისში ვიხილეთ, არა აღშფოთებული მოქალქეების სპონტანურ პროტესტს, არამედ სახელმწიფო გადატრიალების კოორდინირებულ მცდელობას ჰგავდა“:
„დიახ, სწორედ ასეა, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა რუსი დეპუტატების მონაწილეობით უბრალოდ საბაბად გამოიყენეს ამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის. ყველა აქტივისტი წინასწარ იყო შერჩეული და შეკრებილი, ისინი არადექვატურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ბევრ მათგანს მართავდნენ კოორდინატორები, რომლებიც ამერიკული ინგლისურით საუბრობდნენ. ანტირუსული შინაარსის ყველა პლაკატი წინასწარ იყო დაბეჭდილი. აქედან გამომდინარე, სრულიად ნათელია, რომ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად რადიკალების მობილიზაციის ფორმა წინასწარ იყო შერჩეული“.
ამერიკისა და "პროდასავლელი რადიკალების" გარდა, რუსმა დეპუტატმა პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებასაც დააკისრა:
„ოფიციალურმა თბილისმა უნდა შეწყვიტოს რადიკალების დაყვავება და პოზიციის მუდმივად შეცვლა. თუ უმსხვილეს საერთაშორისო ფორუმს მართავ, უნდა უზრუნველყო მისი უსაფრთხოება და პასუხი აგო საკუთარ ქმედებებზე და არა დღეში ხუთჯერ იცვალო პოზიცია. როდესაც ნაცისტებს უყვავებ, ეს სიკეთით არასოდეს მთავრდება. ვთვლი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრი სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს იმ ადამიანების ქმედებებს, რომლებიც ხსენებული საერთაშორისო ღონისძიების ჩაშლას ისახავდნენ მიზნად. მათ, ვინც დეპუტატებზე თავდასხმაში მონაწლეობდნენ, პასუხი უნდა აგონ ფიზიკური განადგურების, მკვლელობის მუქარაზე და მათ შორის სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს ამ მოვლენებს თავად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამ უკანასკნელმა უნდა შეწყვიტოს ორ და მეტ სკამზე ჯდომის მცდელობები, დროა, ღიად გამოაცხადონ მზადყოფნა, იარონ რუსეთის შემხვედრი მიმართულებით ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად".