პროკურატურა – "პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერებაზე: "განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადაიგზავნა"
31/08/2020 12:18:43 პოლიტიკა
საქართველოს პროკურატურამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე უწყებაში შესული განცხადება შემდგომი რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადააგზავნა.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს ორგანული კანონი, – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, განსაზღვრავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების დასაშვებ ფორმებს. ამავე კანონის 34′-ე მუხლის თანახმად – პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მათ შორის აუდიტის სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს პარტიის ფინანსების კანონიერება და მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობის დარღვევაზე, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობისას გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გენერალურ პროკურატურაში შემოსული ზემოაღნიშნული განცხადება, შემდგომი რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადაიგზავნა“, – ნათქვამია პროკურატურის განცახდებაში.
ცნობისთვის: რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის მიხეილ ხადარკოვსკის მიერ დაფუძნევულმა ორგანიზაციამ "დოსიე" 24 აგვისტოს გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში "პატრიოტთა ალიანსს" საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება. პროკირატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით "ევროპულმა საქართველომ" მიმართა.


