
იმსხვერპლებს თუ არა ბიბილოვის პირსისხლიან რეჟიმს “ოსი ტატუნაშვილი”
31/08/2020 15:05:17 კონფლიქტები
ცხინვალში დღეს 28 წლის ინალ ჯაბიევს ემშვიდობებიან. სამგლოვიარო პროცესიაში 2 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მონაწილობა, მათ შორის – ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და ოსმა “დეპუტატებმა”. დღის მეორე ნახევარში კი მოქალაქეები კვლავ ქალაქის ცენტრში გეგმავენ შეკრებას, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში დე ფაქტო ხელისუფლებისა და პირადად “პრეზიდენტ” ბიბილოვის გადადგომის, ასევე შს “მინისტრ” იგორ ნანიევის არა მარტო გადადგომის, არამედ დაპატიმრების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.
რიგი მედიასაშუალებების ცნობით, მილიციამ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან მომიჯნავე ახალგორიდან ცხინვალისკენ მიმავალი გზა დილიდან გადაკეტა, რათა ადგილობრივები დღეს დედაქალაქში დაგეგმილ აქციებზე ვერ მოხვედრილიყვნენ. საჯარო მოხელეებს კი აქციებში მონაწილეობის შემთხვევაში სამსახურებიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ.
მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც, რომელიც ბიბილოვს გადადგომისკენ მოუწოდებს და სამშობლოში დაბრუნებით ემუქრება:
«ბოდიშს ვუხდი ოს ხალხს ჩემი ერთ-ერთი მთავარი შეცდომის – 2011 წელს პოლიტიკურ არენაზე ანატოლი ბიბილოვის გამოყვანის, 2017 წელს კი მის სასარგებლოდ ხმების მიცემისკენ მოწოდების გამო. ხალხს სისხლი იმისთვის არ დაუღვრია, რომ ხელისუფლებაში შემთხვევითობის წყალობით მოხვედრილები ჩვენს ახალგაზრდობას წამებაში ხდიდნენ სულებს და საერთაშორისო თანამეგობრობის, უპირველესად კი რუსეთის თვალში ჩვენი სახელმწიფოს დისკრედიტაციას ახდენდნენ… ასეთ ვითარებაში განზე მდგომად ვერ დავრჩები. ჩემთვის სულერთია, ვინ სჩადის ამას – ქართველი ფაშისტები, თუ ჩვენივე თანამემამულეები. ანატოლი ბიბილოვმა საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა. მივმართავ მას თხოვნით და არა ულტიმატუმით: შენ იღწვი, რათა ცხინვალში ვერ მოვხვდე, მაგრამ ეს არ გამოგივა – მე სამშობლოში დავბრუნდები და თუ ასე ძალიან გეშინია ამის, სიტყვას გაძლევ, არ ჩამოვალ, თუ 31 აგვისტოს 12:00 საათამდე გადადგები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოვალ და ჩემს ხალხთან ერთად ვიბრძოლებ, რომ იგორ ნანიევმა, ურუზმაგ ჯაგაევმა და სხვებმა, ასევე შენც – ანატოლი ბიბილოვო, კანონის წინაშე აგოთ პასუხი საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისათვის”.
ამასთან, რიგი მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ კოკოითს ჩრდილოეთ ოსეთიდან ცხინვალის რეგიონში არ უშვებდნენ. თუმცა თავად ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო, განაცხადა რა, რომ რუსეთი სამშობლოში დაბრუნებაში ხელს არ უშლის და რომ ცხინვალის რეგიონში ჩასვლისგან ის “ჯერ-ჯერობით მეგობრების თხოვნით თავად იკავებს თავს”.
ყველაფერი კი 28 აგვისტოს დაიწყო. სწორედ იმ დღეს დაიღუპა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საავადმყოფოსკენ გზაზე 28 წლის ახალგაზრდა, რომელიც დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომობილზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი და გასულ კვირას დააკავეს, თუმცა საქმეში მხოლოდ მოწმედ ფიგურირებდა. ოჯახის წევრები და ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ ჯაბიევი იზოლატორში ცემაში შემოაკვდათ. ამის საფუძველს მათ, მათ შორის, ცხედრის ფოტოები აძლევთ, რომლებიც სხეულის მრავლობით დაზიანებებზე მიუთითებს. ეს – მაშინ, როცა გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თრომბია დასახელებული.
მომხდარს უკვე ემსხვერპლა დე ფაქტო მთავრობა. “პრეზიდენტმა” ანატოლი ბიბილოვმა გუშინ დააკმაყოფილა დე ფაქტო პრემიერ ერიკ ფუხაევის განცხადება გადადგომის თაობაზე. მისი მოვალეობის შემსრულებლად დროებით ეკონომიკის ყოფილი დე ფაქტო მინისტრი გენადი ბეკოევი დაინიშნა.
თავის მხრივ, ოსმა “დეპუტატებმა” “არდადეგები” შეწყვიტეს, საგანგებო სხდომაზე შეიკრიბნენ და მიიღეს დე ფაქტო პრეზიდენტისადმი მიმართვა “გენერალურ პროკურორ” ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომის თაობაზე. რიგმა “პარლამენტარებმა” კი “ხალხის მხრიდან უნდობლობის” მოტივით თავად დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომის საკითხიც დააყენეს.
ამასობაში სოცქსელების ოსურ სეგმენტში დე ფაქტო შს მინისტრის მანქანაზე თავდასხმაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილის დედის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. ქალი ირწმუნება, რომ მისი ვაჟი - ინალ ცხოვრებოვი ასევე წამების მსხვერპლად იქცა:
«ჩემი ვაჟი ამჟამად ზნაურის საავადმყოფოშია. მე მასთან შესვლის შესაძლებლობა მომეცა. წელსქვემოთ მთლიანად ლურჯია – ლურჯი კი არა, მე ვიტყოდი, შავ-ღვინისფერი. ისეა ნაცემი, რომ საპირფარეშოშიც კი ვერ დადის თავისით».
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხოვრებოვი ცხინვალის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყცანილი. სოცქსელებში მისი წამების შედეგების ამსახველი ფოტოებიც გამოქვეყნდა.
ამ ინფორმაციამ ოკუპირებულ რეგიონში მოსახლეობის განწყობა კიდევ უფრო გაამწვავა. ხალხი დე ფაქტო მთავრობის გადადგომით დაკმაყოფილებას არ აპირებს. მომიტინგეები იმაზე მიუთითებენ, რომ ჯაბიევის შემთხვევა პირველი არ არის, რომ დე ფაქტო ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელთა მიმართ საპრეტენზიო ადრეც ბევრი იყო, თუმცა მათ სწორედ ანატოლი ბიბილოვო მფარველობდა და ახლა მოვიდა დრო, მანაც აგოს პასუხი.
ამ საკითხში ხალხის აზრს იზიარებენ რიგი ადგილობრივი დამკვირვებლებიც, მათ შორის - “ეხო კავკაზას” მიმომხილველი მურატ გუკემუხოვიც:
“კითხვა მაქვს: რა შუაში არიან ჯაბიევის წამებასთან მაგალითად, ეკონომიკის ან ტყის მეურნეობის მინისტრები? მთავარი და ერთადერთი, ვინც პასუხისმგებელია ამ დანაშაულზე, ანატოლი ბიბილოვია – ჯაბიევი ხომ იმ ძალოვანების ხელით მოკლეს, რომლებიც უშუალოდ პრეზიდენტის ბრძანებებს ასრულებენ. პრეზიდენტმა არ დაუდო ამ კოშმარს საფუძველი, როცა ათი დღის წინ გააკეთა განცხადება “ცალკეული პოლიტიკოსების მხარდაჭერით კრიმინალის მიერ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მზადების” თაობაზე? მისი ბრძანებით არ ჩატარდა ერთ ღამეში 56 ჩხრეკა? ან ვის, თუ არა მას შეეძლო, გაეცა ბრძანება, ვლადიკავკაზიდან თრევით ჩამოეყვანათ გენადი კულაევი, რათა შემდეგ მისგან ნაწლავებთან ერთად ამოეღოთ აღიარებითი ჩვენება ღვიძლი ძმის - ოპოზიციონერი ალან გაგლოევის წინააღმდეგ სამმაგი მკვლელობის ჩადენაში?! მთავრობის გადადგომა არაფერს იძლევა, პრობლემის ძირი იმაშია, როგორ ესახება ჩვენს პრეზიდენტს პოლიტიკური კონკურენციის დასაშვები მეთოდები, ასევე მის განსაკუთრებულ კავშირში ძალოვანებთან, რომელიც ჩვენს თვალწინ ჩამოყალუბდა. ჯაბიევი სწორედ პოლიტიკური თამაშის მსხვერპლია, ოპოზიციაზე იმ შეტევისა, რომელიც ათი დღის წინ პრეზიდენტმა წამოიწყო. არც ერთი ძალოვანი თითსაც არავის დაადებს, რომ არ იყოს დარწმუნებული დაუსჯელობასა და ზემოდან მფარველობაში. ამასთან, თითოეულმა მათგანმა უნდა დაიმსახუროს პრივილეგიები, მათ შორის – არაფორმალურიც, უკანონოც, - იქნება ეს თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდა, ბოსტნეულით მოვაჭრეთა რეკეტი, თუ სხვა რამ” – წერს გუკემუხოვი.
ამ კონტექსტში იგი არჩილ ტატუანაშვილის შემთხვევასაც იხსენებს:
“როდესაც ბოსტნეულით მოვაჭრე არჩილ ტატუნაშვილი ცემაში მოკლეს, რეკეტირ-ძალოვანებს მაშინ პირადად პრეზიდენტი ბიბილოვი გადაეფარა. ტატუნაშვილი დივერსიული ჯგუფის ლიდერად გაასაღეს და ხიდის ქვეშ რაღაც ბომბიც კი “იპოვეს”…მაშინ ცხინვალმა ეს ისტორია ქართულ-ოსური ურთიერთობების კონტექსტში აღიქვა. სოციალურ ქსელში წაიკითხავდით, «მათ [ქართველებმა – რედ.] რა, ცოტა ჩვენიანი მოკლესო?”. კარგი იქნებოდა, მაშინ ტატუნაშვილის ამბავი ისევე აღექვათ, როგორც ახლა – ჯაბიევის და იმ სასტიკ მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა მოეთხოვათ – მაშინ, შესაძლოა, ჯაბიევის ამბავი არც მომხდარიყო”.
შემდეგ იყო გასული წლის ისტორია ცხინვალის იზოლატორში პატიმრების ცემა-წამებასთან დაკავშირებით – და ბიბილოვი ძალოვან “მინისტრებს” კვლავ გადაეფარა, მიუხედავად იმისა, რომ “დეპუტატთა” საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ გადადგომას მოითხოვდა.
“წელსაც, როცა შეიარაღებული ძალოვანები პრეზიდენტთან ერთად პარლამენტში შევიდნენ, ეს რა, დეპუტატების მიმართ პირდაპირი მუქარა და ბიბილოვსა და ძალოვანებს შორის განსაკუთრებული კავშირის, კერძოდ, იმის მტკიცებულება არ იყო, რომ ისინი მზად არიან, ნებისმიერი თუნდაც უკანონო ბრძანება შეასრულონ, თუნდაც სახალხო რჩეულების წინააღმდეგ?! ურთიერთობათა მსგავს სისტემას მთავრობის გადადგომა უშველის?! ახლა პრეზიდენტი ჯაბიევის შემთხვევის ობიექტური გამოძიების პირობას დებს. მაგრამ ვინ უნდა გამოიძიოს? - მას დაქვემდებარებულმა პროკურატურამ?! ცხედარს, ტატუნაშვილის მსგავსად, რუსეთში გადაგზავნიან ექსპერტიზაზე, ტატუნაშვილის მსგავსად, ერთ თვეს გააჩარებენ ხსნარებში, რომ ძალადობის ყოველგვარი კვალი წაიშალოს, შემდეგ კი შინაგან ორგანოებსაც “დაკარგავენ”… ამ ისტორიას რეალურად, არანაირი გამოსავალი არ აქვს, პრეზიდენტის გადადგომის გარდა. რაღა თქმა უნდა, სისტემა ამის შემდეგ მყისიერად არ შეიცვლება, მაგრამ რამით ხომ უნდა დავიწყოთ?!” - დასძენს ადგილობრივი მიმომხილველი.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება
პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას