“პატრიოტთა ალიანსის” კავშირი კრემლთან, ანუ როგორ ერევა მოსკოვი ქართულ არჩევნებში: ცენტრ “დოსიეს” გამოძიება, ნაწილი II

01-09-2020 01:29:02

ცენტრ “დოსიეს” გამოძიებამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კრემლის ჩარევის თაობაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია: საქართველოს პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა “პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან მოხსნა მოითხოვა, ხოლო დეპუტატმა “ევროპული საქართველოდან” ელენე ხოშტარიამ პროკურატურას ხსენებული პარტიის კრემლიდან შესაძლო დაფინანსების გამოძიების მოთხოვნით მიმართა. თავის მხრივ, “დოსიეს” საგამოძიებო მასალებში ხსენებულმა პარტიის თანათავმჯდომარემ ირმა ინაშვილმა, რომელიც ასევე თანათავმჯდომარე დავით თარხან-მოურავთან ერთად ხელისუფლებას აკრიტიკებს, კრემლთან დიალოგის იდეას ლობირებს და მოითხოვს კონტაქტების შეწყვეტას აშშ-სა და ნატო-სთან, ამ მასალას “აბსურდი” უწოდა, თუმცა დაადასტურა, რომ მისი პარტიის საარჩევნო კამპანიაში რუსი პოლიტტექნოლოგებიც მონაწილეობენ. იმას, თუ როგორაა მოწყობილი ამ ოპოზიციური პარტიის თანამშრომლობა პროკრემლისეულ კონსულტანტებთან – ცენტრ “დოსიეს” გამოძიების გაგრძელებაში გაეცნობით.

შეგახსენებთ საქმის წინაისტორიას: ცენტრ “დოსიეს” განკარგულებაში აღმოჩნდა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური მოხსენებები და ოპერატიული კრეფსები რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის გენერლის – ვლადიმირ ჩერნოვის სამდივნოდან. წარსულში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) პირველი მთავარი სამმართველოს ოფიცერი ჩერნოვი ლონდონსა და ჰელსინკიში ჯაშუშობდა, მოგვიანებით “ეროვნული სარეზერვო ბანკის” (НРБ) საფარქვეშ მოღვაწეობდა, ხოლო 2012 წელს ვლადიმირ პუტინმა იგი პრეზიდენტის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს ხელმძღვანელად დანიშნა.

ვლადიმირ ჩერნოვი

გავლენის აგენტების მოხსენებებსა და სხვადასხვა პოლიტიკოსებზე, საზოგადო მოღვაწეებსა და ჟურნალისტებზე დოსიეებს შორის აღმოჩნდა დოკუმენტები, რომლებიც მეტყველებს ხსენებული სამმართველოს თანამშრომლების არა მარტო მაღალ ინტერესზე, არამედ საკმაოდ აქტიურ მონაწილეობაზეც “პატრიოტთა ალიანსის” წინასაარჩევნო კამპანიაში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის. მათ შორისაა, მაგალითად, საფინანსო ანგარიშები და მეთოდური სახელმძღვანელოები პარტიის წევრებისთვის.

ირკვევა, რომ “პატრიოტთა ალიანსის” წინასაარჩევნო ლობირებისთვის ხსენებულ სამმართველოში დაიქირავეს კრემლთან დაახლოებული ცნობილი პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი და მოსკოვური კომპანია POLITSECRETS, რომელსაც თავის დროზე უკვე ჩატარებული აქვს მსგავსი კამპანიები რუსეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, უკრაინაში. მიხეევს პერსონალურად კურირებენ გენერალ ჩერნოვის ქვეშევრდომები – უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) თადარიგის პოლკოვნიკი ვალერი მაკსიმოვი და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი.

ვალერი ჩერნიშოვი

კომუნისტების ლიდერი ზიუგანოვი მაკსიმოვთან ერთად კრემლში კორპორატიულ საღამოზე

ჩერნოვის უწყებიდან მიღებული მრავალრიცხოვანი დოკუმენტების თანახმად, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წინასაარჩევნო კამპანიის სავარაუდო ხარჯები სულ მცირე, $8 430 625-ს შეადგენს, რასაც ემატება $700 000 პოლიტტექნოლოგების მუშაობის ანაზღაურების სახით. და ეს – მიუხედავად იმისა, რომ როგორც რუსეთის, ისე საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კანდიდატებსა და პარტიებს ეკრძალებათ შემოწირულობების მიღება უცხო ქვეყნების მოქალაქეებისგან, კომპანიებისგან, საერთაშორისო და რელიგიური ორგანიზაციებისგან, მოძრაობებისგან, სახელმწიფო უწყებებისა და ანონიმური სპონსორებისაგან.

ცენტრ “დოსიეს” პუბლიკაცია დროში დაემთხვა ირმა ინაშვილის დაუანონსებელ ვიზიტს აფხაზეთში, რომელმაც საქართველოში ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია. ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა ინაშვილი ქვეყნის ინტერესების ღალატში დაადანაშაულა და მისი პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. დოკუმენტების თანახმად, ოპონენტების შეტევების მოსაგერიებლად მზადებაში ინაშვილს ასევე ხსენებული რუსული სამმართველოდან ეხმარებოდნენ: გენერალ ჩერნოვის საბუთებში მოიპოვება მედიის წინაშე ინაშვილის ამასწინანდელი გამოსვლის თეზისები და წინასწარ შედგენილი პასუხები.

გარდა ამისა, სწორედ იმ რუსულ სამმართველოში შეიმუშავეს საარჩევნოდ “პატრიოტთა ალიანსის” ზოგადი პოზიციონირება: «საარჩევნო კამპანიის სტრატეგია», «აგიტატორის ფურცელი», «სამუშაო გეგმა» და ა.შ..

“სტრატეგიაში” მოცემულია წინასაარჩევნო ღონისძიებების მთელი კომპლექსი:

1) აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისი: აჭარის მაცხოვრებლების მიერ საქართველოს პარლამენტის შენობის უვადო პიკეტირება.

მოპიკეტეებს შორის – რიგითი მშრომელები, ტურიზმის ინდუსტრიისა და მომსახურების სფეროს მუშაკები, ბიზნესის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. აქციის ორგანიზატორად შეიძლება, პოზიციონირებდეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია «ძმები მუსლიმები და ქრისტიანები – საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში» ან სხვა ძალა, მათ შორის – ახლადშექმნილი არაფორმალური “აჭარის დაცვის კომიტეტი” და სხვა.

2) “პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარ კანდიდატთა აქცია «მოამზადე ბავშვები სკოლისთვის!»

პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები თავის რეგიონებში ორგანიზებას უწევენ სახსრების შეგროვებას სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების სკოლისთვის მოსამზადებლად.

ამ საქმეში ერთვება ფინანსები როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციებიდან (ფონდი “ობიექტივი”), ისე ადგილობრივი ბიზნესმენებისგან, ან კანდიდატის (ფრიდონ ინჯია) პირადი სახსრები, თუ ეს კანონით არ იკრძალება.

3) 8 სექტემბერი – ჟურნალისტთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე. მედიაკონფერენცია «სიმართლისა და ობიექტურობისათვის!»

მიწვეული სტუმარი – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი დავით თარხან-მოურავი.

დისკუსიის მსვლელობისას მოდერატორი აზრის გამოთქმის საშუალებას აძლევს ყველა მონაწილეს. დასასრულს სიტყვა ეძლევა დავით თარხან-მოურავს. იგი საუბრობს სამხედრო მიუმხრობლობის უპირატესობებზე. სიტყვის დასრულების შემდეგ კი მონაწილეები მას თითო კითხვას უსვამენ.

4) “პატრიოტთა ალიანსის” საკანონმდებლო ინიციატივა. უცხოეთში, მათ შორის რუსეთში მცხოვრები ყველა ქართველი უნდა სარგებლობდეს საცხოვრებელ ადგილზე ხმის მიცემის უფლებით.

პარტია გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, უცხოეთში, მათ შორის რუსეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე.

5) 28 აგვისტო, მარიამობის დღესასწაული. პარტიის ლიდერები ჩადიან საქართველოს ერთ-ერთ ნიშანდობლივ მონასტერში, რომელსაც დავით თარხან-მოურავი თავის ხატს გადასცემს.

მონასტერს გადაეცეს რაიმე საჩუქარი მოსკოვის ქართული ეკლესიისგან (შესაძლებელია, გადაეცეს არჩილის მეშვეობით [პარტია “ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს” ლიდერი არჩილ ჭყოიძე – “დოსიე”]). საპასუხოდ სასულიერო პირები გადმოსცემენ ანალოგიურ საჩუქარს მოსკოვის ქართული ეკლესიისთვის, როგორც მშობლიური მიწის სიმბოლოს.

პრეს-კონფერენციის თემა: «მართლმადიდებლობა – ეროვნული მენტალობის საფუძველი და საქართველოს სახელმწიფოებრიობის საყრდენი». დასასრულს სასულიერო პირები დალოცავენ დავით თარხან-მოურავს, მალხაზ ამაშუკელს, ირმა ინაშვილს (…) არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვებისთვის.

პარტიის სამუშაო გეგმიდან ირკვევა ასევე, როგორ აპირებს იგი საარჩევნო კამპანიის წარმოებას სოცქსელებში:

- 5 სექტემბრამდე — იპოვონ ახალგაზრდა ბლოგერები, რომლებიც მზად იქნებიან ოფლაინ შესახვედრად. ჩაატარონ ერთობლივი შეხვედრა პარტაქტივთან. ამ შეხვედრის შემდეგ ბლოგერებმა უნდა განათავსონ თავის გვერდებზე ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ჩაიარა შეხვედრამ. საუკეთესო ტექსტების ავტორებს პარტია დაასაჩუქრებს და მათ ტექსტებს თავის გვერდზეც განათავსებს.

- 27 სექტემბრამდე — პატრიოტული სიმღერის კონკურსი. ონლაინ-ფლეშმობი “მოდი, ერთად ვიმღეროთ».

- 1 ოქტომბრამდე — სოცქსელებში ფლეშმობის «მხარდაჭერის აღლუმი» გაშვება. მედიური სახეები, სპორტსმენები, ექიმები, მსახიობები და ა.შ. გამოხატავენ “პატრიოტთა ალიანსის” მხარდაჭერას (გადაიღონ ვიდეორგოლები).

თუმცა კრემლთან საერთო ენის პოვნას “ალიანსელები” ყოველთვის როდი ახერხებენ. როგორც დოკუმენტები და მიმოწერა აჩვენებს, რუს კურატორებს ხშირად უწევთ დავა, ზოგჯერ კი ქართველი ქვეშევრდომების დატუქსვაც კი არასაკმარისი სისხარტისთვის. მაგალითად, ჩერნოვის უწყებისადმი POLITSECRETS-ის ხელმძღვანელ ვერა ბლაშენკოვას წერილიდან ჩანს, რომ რუსეთში “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო შედეგზე ლამის უფრო მეტად წუხან, ვიდრე თავად პარტიაში:

ქართველი ოპოზიციონერები გაღიზიანებით რეაგირებენ მოსკოველი კურატორების შენიშვნებზე, თუმცა შემთხვევათა უმრავლესობაში თანხმდებიან მათი განკარგულებების შესრულებას:

"ჩვენ გვყავს 5, 10, 30 და 50 კაციც კი, რომლებიც პარტიის მხარდაჭერას გამოთქვამენ არა მარტო გაზეთში, არამედ ტელევიზიითაც. მიმდინარეობს ამ ადამიანების ჩაწერა, კვირის ბოლომდე სულ მცირე, 50 ადამიანს ჩავწერთ. თქვენ მიიღებთ მათ ფოტოებსა და მათ შესახებ ინფორმაციას (პროფესია, საქმიანობის სფერო და ა.შ.).

არიან გამოჩენილი ადამიანები, მაგალითად, პოეტი საღლიანი, პოეტი ოთარაშვილი, კომპოზიტორი სეფიაშვილი, კომპოზიტორი მჟავია, მომღერალი თათარაშვილი, მომღერალი გელაშვილი, მომღერალი მამალაძე, მსახიობი ჭიჭინაძე, მხატვარი ხერკილაძე, მხატვარი სირბილაძე, ბალერინა ნიორაძე, ფეხბურთელი ინალიშვილი, მორაგბე ფარციყანაშვილი, კარატისტი კაკაბაძე, და თავად გიორგი ლომიაც კარატეში რეკორდსმენია, ასევე სალუქვაძე – მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, ან, მაგალითად, კულტურის პალატის თავმჯდომარე ოქიტაშვილი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე გონაშვილი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაიშვილი, აფხაზეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ყოფილი ომბუდსმენი ნანა დევდარიანი და კიდევ 10-მდე ადამიანი, რომელიც ჩვენი პარტიის წევრია და ღიად აფიქსირებს ჩვენს მხარდაჭერას. მათი ვიდეომიმართვები გავა “ობიექტივზე” მთელი სექტემბრისა და ოქტობრის განმავლობაში, ჯერ კი ადრეა.

რაც შეეხება გაზეთს, ყოველი მათგანი, ან სულაც რამდენიმე ადამიანი ყოველ ნომერში აუცილებლად გამოთქვამს თავის აზრს. ისინი უდავოდ, საქართველოში არა უბრალოდ ცნობილი, არამედ ძალიან ცნობილი ადამიანები არიან.

შეგროვდება კიდევ 50-ზე მეტი ადამიანი, ან მეტიც, რომლებიც პარტიის წევრები არ არიან და შესაძლოა, პირდაპირ არ თქვან «ხმა მიეცით პატრიოტებსო», თუმცა უდავოდ იტყვიან, რომ ძალიან დიდ პატივს სცემენ და აფასებენ დავით თარხან-მოურავსა და ირმა ინაშვილს და რომ ყოველთვის იდგნენ და იდგებიან მათ გვერდში. მოკლედ, იტყვიან ასეთ ტექსტს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება პოლიტიკურად და ამასთან, ეცოდინებათ, რომ ჩვენ გამოვიყენებთ მას პოლიტიკური მიზნებისთვის. ვიდეორიგი სექტემბრისთვის მზადდება და აჩქარება არ გვჭირდება.

მოკლედ, ჩვენი პასუხი ამ პუნქტთან დაკავშირებით ასეთია – შევჩერდებით 80 კაცზე და აგვისტოს ბოლო კვირიდან ეს კლიპები უშუალოდ არჩევნებამდე იტრიალებს.

სხვათა შორის, არსებობს უამრავი ვიდეოკადრი, სადაც ეს ადამიანები დავით თ.-მ.-ს ზურგსუკან დგანან ჯერ კიდევ წინააღმდეგობის დროიდან.გვაცნობეთ, რამდენი ადამიანი უნდა იყოს, თქვენი აზრით, ყოველ საგაზეთო ნომერში – და ჩვენ გამოგიგზავნით მათ სახელებს, გვარებს, ფოტოებსა და განცხადებების პირდაპირ ტექსტს. მეტიც, შეგიძლიათ, მიახლოებითი ტექსტიც გამოგვიგზავნოთ, რომლის ხილვასაც გაზეთში ისურვებდით – და მას საუკეთესოთა შორის საუკეთესოები იტყვიან".

გარდა ამისა, თუ წერილით ვიმსჯელებთ, “პატრიოტთა ალიანსის” ხელმძღვანელობა დასთანხმდა რუსი კონსულტანტებისთვის ქართველი ამომრჩევლების “პასპორტიზაციის” გადაცემას, რაშიც შედის, მინიმუმ, მათი მისამართები, ყოველ საცხოვრებელ სახლში სადარბაზოებისა და სართულების რაოდენობა.

"და, რაღა თქმა უნდა, მიიღებთ პასპორტიზაციას. აქ კოორდინატორებიც კი არაფერ შუაშია. თუ შეგვიძლია, მოვახდინოთ გაზეთების კარდაკარ მიწოდების მომსახურების ორგანიზება, ესე იგი, პასპორტიზაციასაც ვფლობთ. თუმცა მთლად კარგად არ გვესმის, რაში გჭირდებათ სართულებისა და სადარბაზოების რაოდენობის ცოდნა, - საკმარისია, იცოდეთ მცხოვრები ოჯახების რაოდენობა. “კარდაკარის” სამსახურს ყველა ამ მონაცემს მოსთხოვენ და ვფიქრობ, მიმდინარე კვირის ბოლომდე ყველა ეს მონაცემი იქნება. შესაძლოა, გოჩამ [სავარაუდოდ, იგულისხმება “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო კამპანიის ფაქტობრივი ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი გოჩა თევდორაძე - «დოსიე»] ამის შესახებ იცოდა, თუმცა თავმჯდომარისთვის არ მოუხსენებია, - შესაძლოა, დაავიწყდა. ხანდახან ასეც ხდება. მაგრამ ახლა, როცა დავალებები გაცემულია, ისინი შესრულდება".

თუმცა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყოფილი რამდენიმე მილიონი დოლარის გათვალისწინებითაც კი, პარტიელები ვერ ასრულებენ რუსი პოლიტტექნოლოგების ყველა რჩევას, რომელთა შორის იყო, მაგალითად, ოპოზიციური მიტინგის ჩატარება რუსეთის მხრიდან საქართველოზე თავდასხმის წლისთავის დღეს:

"თქვენ წერთ, «რატომ უნდა მჯეროდეს, რომ მედიაგეგმას თავს ართმევთო?». ჩვენ არ გვაქვს მიზანი, დაგარწმუნოთ იმაში, რომ თავს ვართმევთ თქვენს მედიაგეგმას. მაგალითად, სამხედრო მიუმხრობლობის შესახებ. ოქტომბრის ბოლომდე, კვირაში 3-ჯერ, ჯერ კიდევ ივლისიდან, დაგეგმილია გადაცემები სამხედრო მიუმხრობლობაზე. ერთხელ – 22:30-23:20 სთ-ზე, კვირაში 2-ჯერ - 19:30-20:20 სთ-ზე. და ეს გადაცემები უბრალოდ კი არ მიდის. 12 გადაცემა დ. თ.-მ.-ს, გენერალ ნიკოლაიშვილის, მერაბ ჭიქაშვილის მონაწილეობით წინასწარაა ჩაწერილი იმ შემთხვევისთვის, თუ ლიდერი ეთერში ვერ მივა. მაგრამ გადაცემები ისეა გაკეთებული, რომ მაყურებელი ვერ მიხვდეს, რომ ეს ჩანაწერია.

აგვისტოს ომის შესახებ. გადაცემები ირმას და დავითის მონაწილეობით იყო როგორც 6, ისე 7, 9 და 10 აგვისტოს. 8 აგვისტოს გავიდა მხოლოდ კლიპები. და ამ გადაცემებს უკვე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ ამ დღეს მიტინგის გამართვა — ეს ნიშნავს, საერთოდ ვერ ერკვეოდე თბილისში არსებულ სიტუაციაში. ხალხი ამ სიმართლეს მხოლოდ იმიტომ იღებს, რომ მის შესახებ დ. თ.-მ. და ი. ი. საუბრობენ, თუმცა უნდა გესმოდეთ, რომ თუ ამ თემაზე მიტინგს მოვაწყობთ — ამას ჩვენც კი არ გვაპატიებენ. აგვისტოს თემის წამოწევას კვირაში ერთხელ სხვადასხვა გადაცემებში ი.ი., დ. თ.-მ. და გ. ლომია უშუალოდ არჩევნებამდე გააგრძელებენ".

გარდა ამისა, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თანამშრომლები ხანდახან შენიშვნებს აძლევენ (უსწორებენ) თავის კურატორებს კრემლიდან ქართული ენის თავისებურებებთან დაკავშირებით.

მიმოწერებში “ალიანსელები” წყენით უმტკიცებდნენ თავის რუს კურატორებს, რომ სწორედ მათ გადააყენეს პრეზიდენტის თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილი, მათ პარტიას კი სადღეისოდ ქვეყნის ამომრჩეველთა თითქმის ¼ უჭერს მხარს. თუმცა სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევების თანახმად, პარტიის რეალური რეიტინგი დაახლოებით 3%-ია.

დაეხმარებიან თუ არა პარტიას კრემლის პოლიტტექნოლოგები – ოქტომბრის არჩევნები გვიჩვენებს. ცენტრი “დოსიე” კი გააგრძელებს დაკვირვებას იმაზე, როგორ ერევა რუსეთის ხელისუფლება მეზობლების შიდა საქმეებში.

წყარო: ცენტრი "დოსიე"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები