„თავისუფალმა საქართველომ“ ზემო იმერეთში მაჟორიტარ კანდიდატად როსტომ ცარციძე წარადგინა
01/09/2020 10:51:18 პოლიტიკა
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა დღეს ზემო იმერეთში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატად როსტომ ცარციძე წარადგინეს.
პარტიის ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის გარდამტეხი იქნება და ამ პროცესების განვითარებას „თავისუფალი საქართველო“ ხელს აქტიურად შეუწყობს.
როგორც დეპუტატობის კანდიდატმა როსტომ ცარციძემ აღნიშნა, ქვეყნის ძირითადი პრობლემა თავის დროზე მმართველი გუნდის მიერ უხვად გაცემული და შეუსრულებელი დაპირებებია.
„მასობრივი უმუშევრობა და უიმედობაა ქვეყანაში. კვლავ მოუგვარებელია სასმელი წყლის, გზების სისტემები, რეგიონი მოსახლეობისგან იცლება, განსაკუთრებით კი, მშობლიურ მხარეს ახალგაზრდები ტოვებენ იმის გამო, რომ მათ აქ ცხოვრებისა და განვითარების თითქმის არანაირი პერსპექტივები აღარ გააჩნიათ“, - განაცხადა როსტომ ცარციძემ.
„თავისუფალი საქართველო“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თამარ ფაჩულიას ხვალ ფოთში წარადგენს.


