ვაშაძე: „კორონავირუსის დროს ბანკებმა 220 მილიონი ლარის ქონება ამოიღეს“
01/09/2020 11:10:45 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის ცნობით, „2020 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, 220 მილიონი ლარის ქონება გადავიდა ბანკების საკუთრებაში“.
„ანუ 220 მილიონი ლარის ქონების მესაკუთრე, ბიზნეს სუბიექტი, კერძო პირი გაკოტრდა ქვეყანაში და ეს ქონება გადაეცათ ბანკებს. 50 მილიონით მეტია ეს ქონება, ვიდრე გასული წლის იგივე პერიოდში, მხოლოდ ოთხ ბანკთან მიმართებაში. ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსის დროს, როდესაც გამოვიდა ბატონი გახარია და გვითხრა, რომ სესხებზე პროცენტი სამი თვით გადავადდებოდა, თითქოს უნდა გაჩერებულიყო საბანკო ოპერაციები და საბანკო ქმედებები, ბანკებმა 220 მილიონი ლარის ქონება ამოიღეს საქართველოს ეკონომიკიდან და გადაიფორმეს. ეს ნიშნავს, რომ ის ხუთი მრდ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სესხად აიღო, სად დაიხარჯა, არ ვიცით“, – განაცხადა ვაშაძემ ბრიფინგზე.
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი ამბობს, რომ მას პრეტენზია არა ბიზნეს სუბიექტებთან, არამედ ხელისუფლებასთან აქვს.
„220 მლნ ლარის ქონება გადაიფორმეს ე.წ. მორატორიუმის გამოცხადების დროს ბანკებმა. მიმაჩნია, რომ ეს დასაწყისია და მესამე კვარტალი კიდევ უფრო უარესი იქნება და ა.შ ხალხნო, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარი ჯიბეზე ფიქრობს. შეგახსენებთ, რომ 45 მლნ ლარი გადაურიცხეს თავის კომპანიებს კორონავირუსის დროს, კაპიკები ხალხს. გთხოვთ, სრული მობილიზება გავაკეთოთ და კარგად დავინახოთ როგორ მატყუარა და თაღლით ადამიანებთან გვაქვს საქმე დღეს გახარიების, ივანიშვილების და სხვა სახით“.


