პროკურატურა: "ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირების, გათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი"
01/09/2020 13:02:00 სამართალი
საქართველოს პროკურატურა ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის ექსპერტიზით მანქანაზე ბუქსირების, გათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი.
"თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზის ფარგლებში, 2020 წლის 31 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერება ჩატარდა, რაშიც მონაწილეობას ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები, ,,ჰიუნდაი აუტო საქართველოს“- წარმომადგენელი და ოჯახის ადვოკატი იღებდნენ.
ნივთმტკიცების გახსნა-დათვალიერების ფარგლებში დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „Hyundai Accent’’-ის მარკის ავტომანქანა აღჭურვილი იყო არაქარხნული წესით დამონტაჟებული ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების ფუნქციით, რაც იმართება ე.წ ,,პულტით“, დათვალიერებით სხვა დამატებითი ელექტრო მოწყობილობა ვერ იქნა აღმოჩენილი. ასევე დადასტურდა, რომ ავტომანქანის ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების მოწყობილობა, სამუხრუჭე სისტემა და კონდიცირება გამართულად მუშაობდა.
გარდა ამისა, ავტომანქანის ვიზუალური და კომპიუტერული დათვალიერებით დადგინდა, რომ იგი არ არის აღჭურვილი GPS ან სხვა მსგავსი მოწყობილობით. ამასთან, ავტომანქანას არ აღმოაჩნდა მექანიკური დაზიანების კვალი, რაც გამოიწვევდა ზეთის ან ბენზინის დაღვრას და შესამჩნევი გახდებოდა, როგორც ადგილმდებარეობის, ასევე ავტომანქანის ვიზუალური დათვალიერებით. ამასთან, ექსპერტების მიერ, ადვოკატის მონაწილეობით, დათვალიერდა ავტომანქანის საბურავები, რის შედეგადაც ბუქსირების, გათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი.
რაც შეეხება ავტომობილთან დაკავშირებულ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა ინფორმაციას, ექსპერტიზის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი," – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე: რა აჩვენა ბაჩალიაშვილის მანქანის ექსპერტიზამ ამ ეტაპზე – ადვოკატის კომენტარი
შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ სავალი გზიდან რამდენიმე მეტრში, ტყის პირას, საკუთარ ავტომანქანაში იპოვეს. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.
30 აგვისტოს ბაჩალიაშვილის დედამ ახალი ვერსიაა გააჟღერა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილისთვის სამი ქართველი მაღალჩინოსნის მონაცემები გახდა ხელმისაწვდომი, რაც ყარაბაღის კონფლიქტს და სომხეთისთვის შეიარაღების მიყიდვას უკავშირდება. დედამ აზერბაიჯანსა და თურქეთს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
ოჯახი დღეს სახალხო დამცველს შეხვდა.


