ოქრუაშვილი ამბობს, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სააკაშვილთან ერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია
01/09/2020 17:33:26 პოლიტიკა
„გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრემიერ–მინისტრობა არარეალურია. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა და ყურადღება სამართლებრივ მოცემულობაზე გაამახვილა. კერძოდ, იმაზე, რომ სააკაშვილი სადღეისოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეა, საქართველოს კანონმდებლობით კი უცხო ქვეყნის მოქალაქეს მსგავსი თანამდებობის დაკავების უფლება არ აქვს.
„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციური მმარველობის პირობებში შეძლებს ისეთი სინერგიის შექმნას, რომ შეცვლის კანონს და ჩაიწერება, რომ პრემიერობის უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს აქვს, ან მიიღებს ინდივიდუალურ საკანონმდებლო აქტს, ამაზე მექნება პასუხი. სხვა შემთხვევაში, ამაზე მკითხაობა არასერიოზულია“,– განაცხადა ოქრუაშვილმა და დასძინა, რომ მთავრობის თავმჯდომარეობის პრეტენზიის მქონეს ნებისმიერ შემთხვევაში გამაერთიანებლის ფუნქცია უნდა ჰქონდეს.
ამასთან, კითხვის საპასუხოდ ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ სააკაშვილთან მხოლოდ ერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია:
„ციხიდან გამოსვლიდან მეორე დღეს ჩემი მეგობრის გურამ ჩალაგაშვილის ტელეფონზე დარეკა, უნდოდა საუბარი, დაველაპარაკე და მომილოცა გათავისუფლება“.


