Accentnews.ge
რუსეთის ჯანდაცვა - ნავალნის მდგომარეობაზე: «ადამიანი კომაში შეიძლება, ხილული მიზეზების გარეშეც აღმოჩნდეს»

რუსეთის ჯანდაცვა - ნავალნის მდგომარეობაზე: «ადამიანი კომაში შეიძლება, ხილული მიზეზების გარეშეც აღმოჩნდეს»

02/09/2020 08:21:32 მსოფლიო

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი ანესთეზიოლოგიისა და რეანიმოლოგიის დარგში იგორ მოლჩანოვი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის კომატოზურ მდგომარეობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ «კომაში ჩავარდნა ხილული მიზეზების გარეშეცაა შესაძლებელი» და ეს «სამედიცინო პრაქტიკაში საკმაოდ ხშირად გვხვდება».ამასთან, მოლჩანოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ «როგორც წესი, მსგავსი კომატოზური მდგომარეობები შეიძლება, დაკავშირებული იყოს ინსულტთან, მწვავე კორონარულ სინდრომთან და სისხლის მიმოქცევის არითმოგენულ შეჩერებასთან».

31 აგვისტოს ნავალნის თემაზე განცხადება გააკეთა ასევე პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენის, “პუტინის მზარეულად” ცნობილი ევგენი პრიგოჟინის კუთვნილმა კომპანია “კონკორდმაც”. მისმა პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ მის ანგარიშზე დამჯდარი 107 ათასი რუბლი, რომელიც აღმასრულებლებმა თავის დროზე ნავალნისგან “კონკორდთან” წაგებული სასამართლო დავის საფუძველზე ამოიღეს, სამშაბათს დილით ბერლინის კლინიკა “შარიტეში” გადაირიცხებოდა ოპოზიცინერის სამკურნალოდ. თუმცა მოგვიანებით «კონკორდი» კიდევ ერთი განცხადებით გამოვიდა და დააზუსტა, რომ “შარიტეში” ფულის გადარიცხვის გადაწყვეტილება “მოგვიანებით” იქნება მიღებული, რადგან «სამწუხაროდ, ალექსეი ნავალნის ევგენი პრიგოჟინის დახმარებაზე უარი არაერთხელ უთქვამს».

მანამდე პრიგოჟინმა გამოისყიდა ოპოზიციონერების ალექსეი ნავალნისა და ლიუბოვ სობოლის ვალი კვების კომბინატ “მოსკოველი მოსწავლისგან”, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის ფონდს ასევე სასამართლოში უჩიოდა მისი გამოძიებების გამო. ახლა ნავალნისა და სობოლს 88 მილიონი რუბლი არა კომბინატის, არამედ პირადად პრიგოჟინის წინაშე ჰმართებთ. ბიზნესმენმა თავისი საქციელი “ფონდის ხელმძღვანელთა შიშვლად დატოვების სურვილით” ახსნა. ამასთან, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ «თუ ამხანაგი ნავალნი ღმერთს სულს მიაბარებს», იგი “ამ ქვეყნად მის დევნას არ აპირებს».

ნავალნის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ პრიგოჟინს შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს მის მოწამლვასთან.

რუსული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელმა ალექსეი ნავალნიმ 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის ავიარეისით მგზავრობისას გონება დაკარგა. ამასთან დაკავშირებით ლაინერი დაუგეგმავად დაეშვა ომსკში. ოპოზიციონერი ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს და ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს. ორი დღის შემდეგ რუსმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნის ამ მდგომარეობის მიზეზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა. მიზანმიმართული მოწამლვის ვერსია კლინიკაში გამორიცხეს.22 აგვისტოს, დილით, ნავალნის მეუღლისა და კოლეგების დაჟინებული მოთხოვნების შემდეგ იგი ბერლინის კლინიკა “შარიტეში” გადაიყვანეს. გამოკვლევის შემდეგ გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნის ორგანიზმში აღმოაჩინეს ტოქსინი ქოლინესტერაზის ინგიბიტორების ჯგუფიდან. ამავე ჯუფს ეკუთვნის მომწამლველი ნივთიერება “ნოვიჩოკი”, რომელიც 2018 წელს სოლსბერიში იულია და სერგეი სკრიპალებზე თავდასხმისას იქნა გამოყენებული.სადღესოდ ნავალნი კვლავინდებურად კომაშია და მედიკოსები მისი გამოჯანმრთელების პროგნოზს ამ დრომდე ვერ იძლევიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S