Accentnews.ge
სტიქიურ მიტინგებში მონაწილე ოს «დეპუტატებსა» და ოპოზიციონერებს «გენპროკურატურაში» აღძრული საქმეები «აღმოაჩნდათ»

სტიქიურ მიტინგებში მონაწილე ოს «დეპუტატებსა» და ოპოზიციონერებს «გენპროკურატურაში» აღძრული საქმეები «აღმოაჩნდათ»

02/09/2020 09:06:36 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა განაცხადა, რომ მზადაა, გადადგეს, თუ «ცალკეული დეპუტატები, რომლებიც ბოლო დღეებში მიტინგებზე სიტყვით გამოდიან და რომელთა წინააღმდეგაც პროკურატურაში საქმეები დევს, მზად იქნებიან, სადეპუტატო იმუნიტეტი მოიხსნან და სასამართლოს წინაშე წარსდგნენ».

«რიგი პარლამენტარები, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ყველა საფუძველი გაგვაჩნია და პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც დაინტერესებულები არიან კონკრეტული სს საქმეების კონკრეტული შედეგებით, ინალ ჯაბიევის ტრაგიკულ გარდაცვალებას პირადი მიზნებისთვის იყენებენ. ისინი ზეწოლას ახდენენ რესპუბლიკის სამართალდამცველ ორგანოებზე მათი კანონიერი მუშაობის პარალიზების მისაღწევად, რათა ამით თავი აარიდონ ჩადენილი დანაშაულებისთვის სამართლებრივ პასუხისგებას, ჰგონიათ რა, რომ გენერალური პროკურორის გადადგომის შემდეგ მათი საქმეები შეწყდება», - განაცხადა ბრიფინგზე ჯაგაევმა.

მისივე თქმით, “გენერალურმა პროკურატურამ დაადგინა, რომ პარლამენტის მოქმედმა ვიცე-სპიკერმა ალექსანდრე ფილიევმა, რომელიც თავის დროზე რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგი იყო, 2005 წლის 30 აგვსტოს დაამზადა ყალბი ცნობა ალან იურის ძე ტოტოევის გარდაცვალების შესახებ, რომელსაც 1996 წელს რუსეთის როსტოვის ოლქში ჯგუფური მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი და ფედერალურ ძებნაში იყო გამოცხადებული”.

კიდევ ორი ოპოზიციონერი დეპუტატის – დავით სანაკოევისა და ძამბულათ მედოევის მიმართ კი, “გენპროკურორის” მტკიცებით, არსებობს შესაბამისად, რუსეთის სს კოდექსის საჯარო ცილისწამებისა და დანაშაულის დაფარვის შესახებ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

“ზემოთთქმულთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ მიმართა პარლამენტს, ხსენებული დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი კენჭისურაზე დაეყენებინა. თუმცა ჩვენი უწყების გადაწყვეტილება ერთხმად იქნა უარყოფილი” – განაცხადა ჯაგაევმა.

გარდა ამისა, მისივე მტკიცებით, “გენერალურ პროკურატურას” გააჩნია მასალები ოპოზიციური პარტია “ნიხასის” ლიდერის ძმის – ალან გაგლოევის წინააღმდეგ, რომელიც “უმძიმეს დანაშაულებშია მხილებული”.

“სოცქსელებში ისმის განცხადებები გენპროკურორის გადადგომის თაობაზე. დღეს ბრიფინგს იმ მიზნით ვმართავ, რათა არავინ იფიქროს, თითქოს ვინმეს მაღალი კედლის უკან, კაბინეტში ვემალები. ჩვენს რესპუბლიკაში მოქალაქეს, რომლის მიმართაც გამოძიება წარმოებდა, ტრაგედია შეემთხვა და ამაზე პასუხისმგებლობას არავითარ შემთხვევაში არ ვიხსნი, არც სხვა პასუხისმგებელი პირებისთვის ვაპირებ მოხსნას. ჩემი გულითადი სამძიმარი გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. მზად ვარ, გადავდგე, თუკი ხსენებული დეპუტატები და პოლიტიოსები მოიხსნიან იმუნიტეტს და წარსდგებიან სასამართლოს წინაშე ჩადენილი დანაშაულებისათვის. ამის შემდეგ გადავდგები» - დასძინა ჯაგაევმა.

იხილეთ ასევე: იმსხვერპლებს თუ არა ბიბილოვის პირსისხლიან რეჟიმს “ოსი ტატუნაშვილი”

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S