
ბიბილოვი კოკოითისა და თბილისის "რევანშისტულ მცდელობებზე" მიანიშნებს
02/09/2020 14:10:05 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რომლის გადადგომის მოთხოვნით ცხინვალის ცენტრში რამდენიმე დღეა, სტიქიური მიტინგები გრძელდება, ცდილობს, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ოპონენტებსა და თბილისს გადააკისროს.
"ოპოზიცია შექმნილ ვითარებასა და ინალ ჯაბიევის ოჯახის ტრაგედიას პირადი პოზიციის აღსადგენად იყენებს. როდესაც პირველივე დღეს გავედი მომიტინგეებთან, ეს პირები არსობრივად არაფერს ამბობდნენ და არც საქმის გარემოებებზე უთქვამთ რამე. მე მხოლოდ დაღუპულის ნათესავებსა და დაზარალებულთა ახლობლებს გავესაუბრე. მერე კი მიტინგს შემოუერთდნენ სხვა პირები, რომლებმაც უკვე პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენება დაიწყეს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მათი დიდი ნაწილი თავადაა კავშირში დანაშაულებრივ ქმედებებთან. მაგალითად, ზოგიერთი დეპუტატი სამმაგ მკვლელობაში ბრალდებულებს მფარველობდა, ზოგმა გარდაცვალების მოწმობა გააყალბა. ერთ-ერთმა ყოფილმა პრეზიდენტმა კი [იგულისხმება ედუარდ კოკოითი – რედ.] სოცქსელებში მთელი თავისი საინფორმაციო რესურსები აამოქმედა ვითარების შესარყევად და არეულობის პროვოცირებისთვის" – განაცხადა ბიბილოვმა რუსულ გაზეთ «ВЗГЛЯД»-თან ინტერვიუში.
ამასთან, დე ფაქტო პრეზიდენტმა "შესაძლო გარე ჩარევაც" ახსენა და თბილისზე მიანიშნა:
«იცით, როცა ჯერ კიდევ ახლადარჩეული პრეზიდენტი ვიყავი, ვთვლიდი, რომ სოციალური ქსელები – ეს მოქალაქეებთან ძალზე სწრაფი და ეფექტური კავშირის შესაძლებლობაა. პირადადაც დიდი სიამოვნებით ვსარგებლობდი “ფეისბუქით” მოქალაქეებთან კონტაქტისთვის და ვცდილობდი, მათ მიერ იქ წამოწეულ ყველა პრობლემაზე რეაგირება მომეხდინა. თუმცა დროთა განმავლობაში ცხადი გახდა, რომ სოცქსელები ძირითადად პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოიყენება. დროება შეცვლილია, სოცქსელების ოსური სეგმენტი დაბინძურებულია უამრავი ბოტით, ქცეულია საზოგადოებრივ აზრზე ზეწოლის სისტემად – შესაძლოა, გარე ჩარევითაც”.
ბიბილოვის თქმით, მილიციის თანამშრომლები, რომლებიც ინალ ჯაბიევის მკვლელობასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები, დააპატიმრეს.
«მსგავსი ქცევა სრულიად მიუღებელია სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან. თუ სასამართლო მათ ბრალეულობას დაადგენს, პირადად მოვითხოვ ყველაზე მკაცრ სასჯელს. დაღუპულ ახალგაზრდასთან ერთად სამშვიდობო ძალებში ვმსახურობდი, პირადად ვიცნობ მის ოჯახს და მსურს, ყველას კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო», – დასძინა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
იხილეთ ასევე: იმსხვერპლებს თუ არა ბიბილოვის პირსისხლიან რეჟიმს “ოსი ტატუნაშვილი”