გეჯაძე – სამედიცინო დასკვნაზე: „შაქარაშვილს დაზიანებები დამოუკიდებელ გადაადგილებაში ხელს შეუშლიდა“
03/09/2020 11:21:49 სამართალი
პროკურატურის მიერ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხების გასაჯაროების შემდეგ ექსპერტიზაზე შაქარაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ექსპერტიზის პროცესში სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები იყვნენ ჩართული და მათ ამომწურავი პასუხები გასცეს 6 ძირითად შეკითხვას. გეჯაძემ რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, გეჯაძის თქმით,
- ცალსახად დადგინდა, რომ შაქარაშვილს თავზე აღნიშნული დაზიანებების ხასიათის, მასშტაბურობის გათვალისწინებით, ადგილი უნდა ჰქონოდა ქალა–ტვინის ტრავმას თავის ტვინის შერყევის სახით. თავის ტვინის შერყევას ხშირად ახასიათებს გონების კარგვის ეპიზოდები. გონების კარგვა გრძელდება რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე, არაუმეტეს ხუთი წუთისა;
- ამ მდგომარეობაში მყოფ შაქარაშვილს გაუძნელდებოდა გადაადგილება.
- დაზიანებების ხანდაზმულობა სიკვდილამდე 10–დან 20 წუთის ინტერვალია;
- თავსა და სხეულზე აღნიშნული დაზიანებებიდან გამომდინარე ადგილი ჰქონდა ტკივილის სინდრომს, რაც ასევე ხელს შეუშლიდა შაქარაშვილს დამოუკიდებელ გადაადგილებასა და მოძრაობაში.


