Accentnews.ge
პაატა იმნაძე - კიბერშეტევაზე: „ტყუილად გაისარჯნენ“

პაატა იმნაძე - კიბერშეტევაზე: „ტყუილად გაისარჯნენ“

03/09/2020 13:57:39 პოლიტიკა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ცნობით, ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაში უნებართვოდ შეღწევა რუსეთიდან განხორციელდა.

მისივე თქმით, ლაბორატორიას დასამალი არაფერი აქვს, ამიტომ ჰაკერები და დამკვეთები „ტყუილად გაისარჯნენ“.

„რა საიდუმლო უნდა ენახათ? ფეიკებს ათავსებენ, ვითომ დამაჯერებლობა რომ შესძინონ და რა, ახალი ამბავია? სულ ასე არ იქცევიან? ჩვენ მიჩვეულები ვართ ყველანაირ შეტევას - პროპაგანდისტულს, კიბერს და ა.შ. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, ასე რომ, ტყუილად გაისარჯნენ”, - აღნიშნა პაატა იმნაძემ ამბები.ჯი–სთან.

ცნობისთვის: შსს–ს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, 1 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში, მათ შორის ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში უნებართვო შეღწევა განხორციელდა.

გამოძიებით დგინდება, რომ სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

ინფორმაციისთვის: ლუგარის ლაბორატორია დიდი ხანია, რუსული დეზინფორმაციის სამიზნეა.

საგამოძიებო მასალებზე წვდომა არ მაქვს, მაგრამ გეტყვით, რომ დიდი ალბათობით, ეს კიბერთავდასხმა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ არის ორგანიზებული, – აღნიშნა თემის კომენტირებისას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

„მეთოდოლოგია ძალიან ცნობილია – ინფორმაციას იპარავ და დიდ ნაწილს ავთენტურად აქვეყნებ. ავთენტურობის ხარჯზე უკვე ფალსიფიცირებულ ინფორმაციას ავრცელებ და ცდილობ, რომ მართალი ინფორმაციით მომხმარებელს ტყუილი დააჯერო. თქვენ იცით, რომ განცხადება გაკეთდა, თურმე, მომაკვდინებელი ნივთიერება A234 ლუგარის ლაბორატორიაში კეთდება, რაც სისულელე და აბსურდია.

ფაქტია, რომ ეს არის საბჭოთა სამხედრო მეცნიერების მიერ შექმნილი მომაკვდინებელი ნივთიერება, რომლის გამოც თანამედროვე რუსეთში ათამდე პირი იქნა მოკლული. ის, რომ ამ ნივთიერებასთან ლუგარის ლაბორატორიას რაიმე კავშირი აქვს, ამას არავინ დაიჯერებს. როგორც ჩანს, რუსეთის სპეცსამსახურები გათვლას არა გარე სამყაროზე, არამედ თავის მოქალაქეებზე აკეთებენ“,- განაცხადა სესიაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S