გამყრელიძე – კიბერშეტევაზე: „ბაზები დაზიანებული არაა“
03/09/2020 17:00:02 პოლიტიკა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არც ერთი ბაზა დაზიანებული არ არის, თუმცა ცენტრის ხელმძღვანელობისთვის უცნობია, რა სახის ინფორმაცია იქნა წაღებული კიბერშეტევის შედეგად, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
გამყრელიძის თანახმას, მისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ჰაკერებმა ჯანდაცვის უწყების საერთო სერვერი დააზიანეს.
“სანამ გამოძიება არ დაადგენს, რა მოცულობის ინფორმაციაა წაღებული, ვერაფერს გეტყვით. ჩვენ ვიცით მხოლოდ ფაქტი, რაც მოხდა. ჩვენთან ბევრი ინფორმაციაა. დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს უზარმაზარი ბაზები – ცე ჰეპატიტის, კოვიდის, სიკვდილიანობის, კიბოს და ა.შ. ბაზები გადავამოწმეთ და არც ერთი არაა დაზიანებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება კრემლიდან გაჟღერებულ ბრალდებას მომზამლველი ნივთიერებების საქართველოში დამზადების შესახებ, გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კიბერშეტევა აღნიშნულთანაც იყოს კავშირში:
„კარგად მოგეხსენებათ, ვინ ინტერესდება საქართველოთი, ლუგარის ლაბორატორიით და დაავადებათა კონტროლის ცენტრით. ხშირადაა მსგავსი და სხვა ტიპის შემოტევები. რაც შეეხება ნავალნის, არაფერია გამორიცხული, ლუგარი ჩვენი მეზობელი ქვეყნისთვის არის, ასე ვთქვათ, სამარაგო შემოტევის იარაღი და შესაძლოა, ეს ვერსიაც რეალური იყოს, რადგან მოგეხსენებათ, გერმანიამ ოფიციალურად გამოაცხადა ნავალნის მოწამვლის შესახებ. ამასთან, გუშინაც გაიჟღერა რუსეთის საინფორმაციო წყაროებში, რომ ნივთიერება „ნოვიჩოკი“ აქა და აქ მზადდება“.
ჯანდაცვის სამინისტრის კომპიუტერულ სისტემაზე 1 სექტემბერს განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ ოფიციალური წყაროებით 3 სექტემბერს გახდა ცნობილი.
შსს–ს ვერსიით, უნებართვო შეღწევის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება:
„კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენთიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, აღნიშნულ ვებგვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით“.
შსს ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ.


