საელჩო – კიბერშეტევაზე: "აშშ გმობს ამ უგუნურ და საშიშ თავდასხმას"
03/09/2020 19:17:56 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის საელჩო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს კომპიტერულ სისტემაზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე შეშფოთებას გამოთქვამს და აქტს უგუნურსა და საშიშს უწოდებს.
"საელჩო აღშფოთებულია ცნობით კიბერშეტევის შესახებ, რომელიც 1 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელდა. ეს უპასუხისმგებლო ქმედება მიზნად ისახავდა მართლსაწინააღმდეგო წვდომის მოპოვებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, რომელიც დაცულია სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში.
COVID-19 პანდემიის დროს ლუგარის ცენტრმა საქართველოს საპასუხო ქმედებებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ეხმარება რა ქართველ ხალხს ჯანმრთელობის დაცვასა და სიცოცხლის გადარჩენაში.
ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ამ უგუნურ და საშიშ თავდასხმას. კიბერსივრცის უსაფრთხოება დამოკიდებულია სახელმწიფოთა პასუხისმგებლიან ქმედებაზე. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოების სხვა თანამოაზრეებთან ერთად შევასრულებთ კიბერსივრცეში სახელმწიფოთა პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემის ვალდებულებებს. ჩვენ მათ, ვინც ამ სისტემის მიღმა მოქმედებს, ვალდებულებების შესრულებისა და საზიანო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა მიიტანეს, რომლის მიზანი ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება იყო.
შსს-სვე ინფორმაციით, მოპოვებული მასალა ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე აიტვირთა და ავთენტიკური დოკუმენტაციის ნაწილთან ერთად, ატვირთულია ფალსიფიცირებული დოკუმენტები, "რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით".
მმართველი გუნდის წევრებმა კიბერშეტევაში რუსულ კვალზე ირიბად მიანიშნეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრში კი ღიად.


