კინზინგერი: „შეშფოთებას გამოვხატავ დეზინფორმაციის გამო, თითქოს აჭარას თურქეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება“
04/09/2020 07:11:43 პოლიტიკა
შეშფოთებას გამოვხატავ ზოგიერთების მიერ გავრცელებული აშკარა დეზინფორმაციის გამო, რომელიც ამტკიცებს, რომ აჭარას თურქეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
“ზედაპირულად ეს განცხადება სისულელეა. თურქეთი არის საქართველოსა და აშშ-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. თუმცა, მე შეშფოთებული ვარ, რომ თავისი არსით, ეს განცხადება არის რუსეთის მხრიდან მცდელობა, თავიდან აიცილოს საქართველოს ტერიტორიის მესამედის უკანონოდ ოკუპაციის ბრალდება და საკუთარი როლი ეფექტურად შეასრულოს საქართველოში მოახლოებულ მნიშვნელოვან არჩევნებში. მოვუწოდებ ყველა პარტიას, იყვნენ გამჭვირვალე ნებისმიერ უცხოელ ფინანსურ მხარდამჭერთან დაკავშირებით და თავი შეიკავონ წამქეზებელი და საშიში რიტორიკისგან. მსოფლიო ადევნებს თვალს საქართველოს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დემოკრატიისკენ და მე ვიმედოვნებ, რომ მათი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება“, – წერს ადამ კინზინგერი.
ცნობისთვის: „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად იყო გამოსახული. გარდა ამისა, ორანიზაცია „დოსიემ“ საგამოძიებო მასალები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითად, „პატრიოტთა ალიანსს“ საპარლამენტო არჩევნებში კრემლი ეხმარება, საარჩევნო სტრატეგიის ნაწილი კი მათ შორის თურქოფობიური განწყობების გაღვვებაა.
განახლება
ამერიკელ კონგრესმენს, ადამ კინზინგერს უფლება აქვს, თავისი ხედვა გამოხატოს, მაგრამ ჩვენ ჩვენს ხედვას არავის ვუთანხმებთ, – განაცხადა საპასუხოდ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ.
„ეს არის ჩვენი ხედვა, პარტიას აქვს უფლება, თავისი ხედვა წარმოადგინოს და საჯაროდ გახადოს. თავად აჭარლებს ვესაუბრებით, რომლებიც გამოხატავენ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ აჭარაში თურქული მოსახლეობა ძალიან დომინირებს. იმაზე არ ვსაუბრობთ, რომ თურქი მტერია და უნდა ვებრძოლოთ, ეს რა სისულელეა. თურქეთი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი მეგობარია, მაგრამ თურქეთს საგარეო პოლიტიკა აქვს. ერდოღანმა არაერთხელ თქვა, რომ ოსმალეთის იმპერია უნდა აღვადგინოთო, რომელიც მათ რუკაზე თითქმის, ოზურგეთამდე იყო მოხაზული. ერთ-ერთ თურქულ გაზეთში რუკა გამოქვენდა, სადაც მოხაზულია ბათუმი, რომელიც თურქეთის შემადგენლობაში შედის. პრევენციული ღონისძიებები დღესვე უნდა გავატაროთ, რომ ხვალ და ზეგ არ მოგვიწიოს ისეთი მოლაპარაკება, რაც რუსეთთან და აფხაზებთან გვიწევს. თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენი განცხადების საფუძველზე შეიძლება თურქეთმა რაიმე მოიქმედოს, ჯარი შემოიყვანოს? – ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, აჭარაში კულტურული ექსპანსია მიმდინარეობს“, – აღნიშნავს დეპუტატი.
„საერთოდ არ მაინტერესებს ადამ კინზინგერი რას ფიქრობს. ჩემს თვალში და წარმოდგენაში საკმაოდ რეპუტაცია შელახული პირია”,- განაცხადა თემის კომენტირებისას ირმა ინაშვილმა.
ინაშვილის თქმით, კონგრესმენი კინზინგერი “მიკერძოებული და ცალმხრივია”:
“პირდაპირ ვაკავშირებ მას სააკაშვილთან და ბოკერიასთან. მე არ ვლაპარაკობ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, მე ვლაპარაკობ დევიდ კრამერზე, მაკკეინის ჯგუფის სხვა წარმომადგენლებზე, რომლებიც არიან ჩემი პირდაპირი მტრები და საქართველოს არაკეთილმოსურნეები და ამ ჯგუფს უკავშირდება სწორედ ეს დეზინფორმაციის კამპანია”,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.


