Accentnews.ge
შამბა – ქართულ მხარესთან ურთიერთქმედებაზე: «ის, რომ შეცდომა დავუშვით, არ თქმულა»

შამბა – ქართულ მხარესთან ურთიერთქმედებაზე: «ის, რომ შეცდომა დავუშვით, არ თქმულა»

05/09/2020 09:30:36 კონფლიქტები

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლების 18 აგვისტოს ვიზიტის გამო აფხაზეთში აგორებული სკანდალი ამ დრომდე არ ცხრება. წინა “პრეზიდენტ” რაულ ხაჯიმბას ერთგული პოლიტიკური ძალა – ვეტერანთა საზოგადოებრივი მოძრაობა “არუაა” ირმა ინაშვილისა და გიორგი ლომიას მიერ (ნებსით თუ უნებლიედ) მის ხელში ჩადებული ამ “კოზირის” გათამაშებით რევანშის განხორციელებას ცდილობს და ასლან ბჟანიას ხელისუფლებას “ეროვნული ინტერესებისა და აფხაზი ხალხის ღალატის” ბრალდებებით ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს.

იხილეთ ასევე: ხატი – როგორც იარაღი ბჟანიას და ქართულ-აფხაზური დარეგულირების წინააღმდეგ

ორი დღის წინ ამ თემაზე აფხაზურ “პარლამენტში” ბჟანიასთან დახურული შეხვედრა გაიმართა. მისი დასრულების შემდეგ “არუაამ” რიგ მონაწილე “დეპუტატთა” ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს “პრეზიდენტმა აღიარა, რომ ქართულ მხარესთან ურთიერთქმედება შეცდომა იყო”. თუმცა მოგვიანებით დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ალხას კვიცინიამ და “უშიშროების საბჭოს” მდივანმა სერგეი შამბამ, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, ეს ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ ბჟანიას მხრიდან მსგავსი რამ არ თქმულა.

“პრეზიდენტს დაშვებულ შეცდომაზე არაფერი უთქვამს, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება” – განუცხადა «Апсныпресс»-ს კვიცინიამ.

თავის მხრივ, შამბამ იგივე «Эхо Кавказа»-ს უთხრა:

«შეხვედრაზე საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ [“პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლების მიერ ილორის მონასტერში ჩატანილი – რედ.] ხატის გადაცემა უკანონო გზით ხდებოდა, ისევე, როგორც თავად მისი გადაცემის ფაქტი იყო უკანონო, ამიტომაც აღშფოთდა ეკლესია. არ იყო შეთანხმებული საზღვრის კვეთის კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა. პრეზიდენტს ჰკითხეს: რატომ დაეკისრა მოლაპარაკებების წარმოების უფლებამოსილება მის თანაშემწეს? ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ეს არ იყო არანაირი მოლაპარაკებები, ეს იყო ჰუმანიტარული აქცია. ასე პირდაპირ, რომ ჩვენ შეცდომა დავუშვით, არ თქმულა. ითქვა, რომ შესაძლოა, საზღვრის კვეთის რაღაც პროცედურები იყო დარღვეული და პრეზიდენტმა შესთავაზა [“არუაას” – რედ.], მიმართოს პროკურატურას განმარტებების მისაღებად. მას რომ ეთქვას, შეცდომა დავუშვითო, მე არ მომისმენია».

ამასთან, შამბამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ დე ფაქტო საგარეო უწყებას “საქართველოსთან ურთიერთქმედების კონცეფციის” შემუშავება დაევალა და ისიც აღნიშნა, რომ “ამ იდეას ბევრმა დაუჭირა მხარი”:

«ამ საკითხზე საუბრისას წინააღმდეგ არავინ წასულა და პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელი იქნება გარკვეული ერთობლივი მოქმედება საგარეო უწყების, პარლამენტისა და საზოგადოებრიობის. ვნახოთ, რამდენად სასარგებლო აღმოჩნდება ეს ჩვენი საზოგადოებისთვის».

რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსელების” მიერ აფხაზეთში ჩატანილი და “აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის” მიერ არმიღებული ხატის ამჟამინდელ ადგილმდებარეობას, შამბას ინფორმაციით, იგი ამ დრომდე ილორის მონასტერში რჩება:

«ხატი ილორის მონასტერში რჩება. ჩვენი სასულიერო პირების აზრით, იგი არაკანონიკური, საეჭვო გზითაა შექმნილი – გაუგებარია, ვინ დახატა, ვინ აკურთხა. ამიტომაც ითქვა, რომ ისინი მას ვერ მიღებენ და ხატი მფლობელს უნდა დაუბრუნდეს».

გუშინ ცნობილი გახდა, რომ “არუააელებმა” ხატის დაბრუნების აქცია დაგეგმეს. ისინი ხატს ენგურის გამშვებ პუნქტთან მიიტანენ და ის იქ დარჩება, სანამ ქართული მხარე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლები მიერ ორგანიზებულ ტერიტორიაზე არ დააბრუნებს.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S