„სააკაშვილი რომ ვაჟკაცურად წავიდეს ციხეში, როგორც უგულავა, მერაბიშვილი... მას იქ დიდხანს არავინ გააჩერებს“
08/09/2020 15:30:39 პოლიტიკა
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ 2020 წლის საპარამენტო არჩევნების 2024 წლის მოსამზადებელი არჩევნებია და საკითხი „ყოფნა–არყოფნის“ დონეზე არ დგას. იმავდროულად აღნიშნავს, რომ როგორც მნიშვნელოვანი, ისე საინტერესოა.
„ეს არჩევნები არსებითად არაფერს შეცვლის: თუ „ქართული ოცნება“ კოალიციის შექმნას შეძლებს, მას მმართველობის ნაკლები კომფორტი ექნება, ხოლო ოპოზიციას მეტო რესურსი, შეუტიოს და პრობლემები შეუქმნას „ქართულ ოცნებას“. ამდენად, საინტერესო არჩევნები იქნება“,– აღნიშნავს ზაქარეიშვილი.
რაც შეეხება ენმ–ის მიერ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ–მინისტრის კანდიდატად დაყენებას, ანალიტიკოსი არარეალურად მიიჩნევს, ყოფილ პრეზიდენტს კი სითამამეს უწუნებს.
„სააკაშვილის პრემიერ–მინისტრობა გამორიცხულია. არა იმიტომ, რომ მე არ მომწონს, არამედ კანონი არ აძლევს მას ამის საშუალებას – ის საქართველოს მოქალაქე არაა. ოპოზიციაში არაა განწყობა, რომ სააკაშვილს სამართლებრივად შეუწყონ ხელი პრემიერ–მინისტრად დაბრუნებაში. სააკაშვილმა პრემიერ–მინისტრობის თემა შემოაგდო, რათა გაემართლებინა, რატომ არ ჩამოდის ახლა. ის მხოლოდ თავის ამომრჩეველს აგდებს უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც მერამდენეჯერ ჩამოდის და არ ჩამოდის. ყველაზე უკეთესი იქნებოდა, სითამამე ჰყოფნოდა და ჩამოსულიყო. არჩევნებამდე ორი–სამი კვირით ადრე რომ ჩამოვიდეს და ვაჟკაცურად წავიდეს ციხეში, როგორც გიგი უგულავა მოიქცა, მოიქცა ვანო მერაბიშვილი, მას დიდხანს ციხეში არავინ გააჩერებს – გამორიცხულია, სამაგიეროდ მისი პარტია 7–8%–ით მეტს აიღებს, მაგრამ მას სითამამე არ ჰყოფნის“,– ამბობს ზაქარეიშვილი.


