
ოსურმა “პარლამენტმა” ჯაბიევის საქმის გამოსაძიებლად კომისია ვერ ჩამოაყალიბა
08/09/2020 16:52:55 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა “ქვორუმის არარსებობის” მიზეზით ვერ ჩამოაყალიბა კომისია, რომელსაც დე ფაქტო შსს-ს იზოლატორში “დაკითხვის” შედეგად 30 წლის ინალ ჯაბიევის გარდაცვალების საქმე უნდა გამოეძიებინა.
“სპიკერმა” ალან ტადტაევმა ამასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატები “გამოძიების მიმართ რეალური ინტერესის არარსებობაში” დაადანაშაულა და განაცხადა, რომ “საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხებისადმი სათანადო ინტერესის გამოჩენის ნაცვლად, მათგან მხოლოდ ხელისუფლებისადმი პოპულისტური ბრალდებები ისმის”.
კომისიის ჩამოყალიბების იდეის ავტორი დე ფაქტო პრეზიდენტი ბიბილოვია. თუმცა “დეპუტათა” ნაწილმა მას იმთავითვე განუცხადა, რომ “პარლამენტი” მუშაობას არ განაახლებდა, სანამ არ დაკმაყოფილდებოდა მათი მოთხოვნა მომხდარზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსნების, კერძოდ “გენერალურ პროკურორ” ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომის შესახებ.
იხილეთ ასევე: იმსხვერპლებს თუ არა ბიბილოვის პირსისხლიან რეჟიმს “ოსი ტატუნაშვილი”