მამუკა ხაზარაძე : “გამოვედი კომფორტის ზონიდან და ივანიშვილს შანსი ნული აქვს, ვინმე დააშინოს“
09/09/2020 17:47:14 პოლიტიკა
"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდელებს პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.
ხაზარაძე ამბობს, რომ დღეს გარდამტეხი მომენტია და ქვეყანა დგას არჩევანის წინაშე: “ვიყოთ ღატაკები, თუ წარმატებულები“.
„ ამ არჩევანს ჩვენი მოსახლეობა გააკეთებს. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, XXI საუკუნეში იდგეს იქ, სადაც დღეს დგას. ჩვენ 30 წელი ვიარეთ იმისთვის, რომ რა შეცდომებიც დავუშვით, იგივე არ დავუშვათ და წინ ვიაროთ, წარმატებისკენ. რაღაც პერიოდი ალბათ სხვა სამყაროში ვცხოვრობდი, ვაშენებდი კომპანიებს, სამუშაო ადგილებს ვქმნიდი და ალბათ ის მწარე რეალობა, რომელიც ჩვენთან არსებობს, გამომრჩა. რაც დღეს ხდება, რა პირობებშიც მოსახლეობის დიდ ნაწილს უწევს ცხოვრება, არის სირცხვილი და ეს უნდა გამოვასწოროთ. მოვდივარ კომბინატის დასახლებიდან და ამ მაგალითს ვყვები მათზე, მე დღეს ჩემი სახელით ყველას ბოდიში მოვუხადე, რადგან ამ მდგომარეობაში ვერ გავაგრძელებთ ცხოვრებას. ამას მივეჩვიეთ ან მიგვაჩვიეს, მაგრამ ეს უნდა შევცვალოთ, ფუნდამენტურად. რეალურად “ლელოს” მარშალის პროგრამა საქართველოს რეკონსტრუქციის გეგმაა და მე ამას გპირდებით, რომ ამ გეგმით 4 წელში ყველას ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. აუცილებლად ავამოქმედებთ ანაკლიას, რომელიც რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა გააჩერა, რათა დავასაქმოთ ხალხი. ივანიშვილს კი ვეტყვი, რომ მე გამოვედი ყველანაირი კომფორტის ზონიდან და ივანიშვილს შანსი აქვს ნული, რომ ვინმე დააშინოს საქართველოში. ვაფრთხილებ სუსს და სხვა პროვოკატორებს, რომ ვერ შეგვაშინებთ, ვერც მე და ვერც ჩემს გუნდს, რადგან “ლელო” ახალი რეალობისთვის იბრძვის”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ზუგდიდის ოლქში “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თამარ ბელქანიას თქმით, ანაკლია არის გზა, რომელიც ღირსეულად დაგვაბრუნებს აფხაზეთში.
მისი მტკიცებით, ამის გაკეთება მხოლოდ “ლელოს” შეუძლია.


